ივანიშვილმა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის მე-12 წლისთავს წერილი მიუძღვნა

Civil Georgia 2 კვირის წინ 17
ივანიშვილმა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის მე-12 წლისთავს წერილი მიუძღვნა

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, 2012 წელს მმართველი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, 1 ოქტომბერს წერილი გამოაქვეყნა და ამ დღეს „თავისუფლების დაბრუნების“,  „ქართველი ხალხის ერთიანობის“, „დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მთავარი გამარჯვებისა“ და „ქართველი კაცის მიერ ღირსების დაბრუნების“ დღე უწოდა.  

„2012 წლის 1 ოქტომბერი ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია, ქართველი ხალხის არსებობის ერთ-ერთი მთავარი გამართლება, დღე, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს ქართულ გენს და წინაპართა მემკვიდრეობას – რამდენად ძლიერიც უნდა იყოს მტერი, შიდა თუ გარე, როდესაც საქმე ჩვენი ხალხის ღირსებასა და თავისუფლებას ეხება, უკან დასახევი გზა უბრალოდ არ არსებობს!“, – ნათქვამია ივანიშვილის წერილში.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 1 ოტომბერი „არ ეკუთვნის რომელიმე პარტიას“, არამედ ეს დღეს ეკუთვნის ქართველ ხალხს, რომელთაც „ამ საოცარი ერთიანობით, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ქვეყანას ჩამორეცხეს სამარცხვინო შავი ლაქა, რომელიც არ გვაძლევდა საშუალებას თავისუფლად ამოსუნთქვის, აზრის გამოხატვის, სიმართლისთვის ბრძოლის, ღირსეულად ცხოვრების, ოჯახსა და ახლობლებზე ზრუნვის, მუშაობის, ბიზნესის კეთების, განათლების მიღების და სიბერის ღირსეულად გატარების“.

ივანიშვილის თქმით, სწორედ „პატრიოტიზმი“ დაეხმარა ხალხს, რათა „ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ არავის და არაფრის გვეშინია, 1 ოქტომბერს კი, ქუდზე – კაცი მივედით საარჩევნო ყუთებთან და არა მხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ“. „სწორედ ჩვენი ხალხის ამ უპრეცედენტო ერთიანობას ვერ აღუდგნენ წინ იმჟამინდელი რეჟიმი და მათი უცხოელი პატრონები“, – ნათქვამია წერილში.

1 ოქტომბრის 26 მაისთან და 9 აპრილთან შედარებისას, ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ხალხს და განაცხადა, რომ სამშობლო ამისთვისაც მადლიერია. მან ასევე მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, ვინცა „გასული 12 წლის განმავლობაში, ჩვენთან ერთად ღირსეულად იარა დანაღმულ ველზე  და გაუძლო ყველანაირ ზეწოლას, რათა დღეს ისევ ჩვენ გვერდით ყოფილიყო“.

ივანიშვილის თქმით, 1 ოქტომბრის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არა მხოლოდ „დაამარცხა ავტორიტარიზმი“, არამედ გააუმჯობესა მდგომარეობა ყველა ასპექტში, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ადამიანის უფლებები, სასამართლო, ეკონომიკა თუ სხვა. „ამას არა მხოლოდ ჩვენი სიტყვა და ის კეთილდღეობა ადასტურებს, რასაც ჩვენი მოქალაქეები საკუთარ თავზე გრძნობენ, არამედ ამას მოწმობს საერთაშორისო რეიტინგები, რომლებშიც ჩვენი ქვეყანა წინ და წინ მიიწევს“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ „ეს ხელშესახები პროგრესი, რასაც ყველა ვხედავთ, არა მხოლოდ ჩვენი მონდომებისა და ძალისხმევის, არამედ იმ ბეწვის ხიდზე სწორად სიარულის შედეგი გახლავთ, რომელზეც მთელი განვლილი 12 წლის განმავლობაში ვიარეთ და დღემდე ვაგრძელებთ სვლას“.   

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „ბეწვის ხიდზე უწევს სიარული, რათ გარე თუ შიდა მტრების მხრიდან მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში, ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა შევინარჩუნოთ და არ დავუშვათ ის, რაც ჩვენს მეზობელ უკრაინაში ხდება, ის, რაც 2008 წელს გამოვიარეთ. არ დავუშვათ, რომ ჩვენი ქალაქების, სოფლების და ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს“.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ ბეწვის ხიდზე სიარულისას, „ბრძოლის მთავარი ხაზი გადიოდა ჩვენს დამოუკიდებლობაზე, მშვიდობაზე, თავისუფლებაზე, ჩვენი რწმენის, კულტურის, ისტორიის და იმ ღირებულებების დაცვაზე“.

„ახლა, როცა ამ რთული გზის ბოლო მონაკვეთს გავდივართ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ერთიანობის უპრეცედენტო მაგალითი და 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქუდზე-კაცი გამოვიდეთ, რათა ვერავინ ვერასდროს გაბედოს, რომ იოტისოდენა ეჭვი მაინც შეიტანოს „ქართული ოცნებისადმი“ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაში“, – განაცხადა ივანიშვილმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემით საქართველოს მოსახლეობა ირჩევს „არა ომს – არამედ მშვიდობას, არა უცხო ქვეყნის აგენტებს, არამედ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველ გუნდს, არა ფსევდო-ლიბერალურ ღირებულებებს, არამედ ეროვნულობაზე, ოჯახზე, რწმენასა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ ფასეულობებს, არა იმ კატეგორიულად მიუღებელ მოცემულობას, რაც რადიკალურ ოპოზიციას და უცხოელ აქტორებს ევროპულობად სურთ რომ გაასაღონ, არამედ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ევროპულ მომავალს“.  

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამიტომაც, „ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია“, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს იმისათვის, რომ „ჯერ არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს, ხოლო შემდეგ კანონის მთელი სიმკაცრით გასამართლდეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა, მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერების და დაცვის მიზნით, „კონსტიტუციაში ავსახოთ მართლმადიდებლური ეკლესიის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის როლი“.

„ჩვენი ერთადერთი გზა არის მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ!“, – დასძინა ივანიშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია