თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი ევროლიგაში | “ვირტუსი” “ჟალგისისთან” ბრძოლაში დამარცხდა

News.ge 2 თვის წინ 35
თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი ევროლიგაში | “ვირტუსი” “ჟალგისისთან” ბრძოლაში დამარცხდა

ევროლიგის სეზონი წარუმატებლად დაიწყო თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონიასთვის”. იტალიურმა კლუბმა კაუნასის “ჟალგირისს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 68:71 დამარცხდა. ეს გახლდათ მესამე დამარცხება მესამე მატჩში და ამ შედეგით ბოლონიელები ევროლიგის ცხრილის ბოლო, მე-18 საფეხურზე არიან.
თორნიკე შენგელიამ შედეგიანად ითამაშა და ის, რომ ბოლონიელებმა 14-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს, ქართველი ფორვარდის დიდი დამსახურებაა. შენგელია ალესანდრო პაიოლასთან ერთად “ვირტუსში” ყველაზე შედეგიანი გახლდათ. თორნიკემ 28:27 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლს უწია: 11 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი. მატჩის დასრულებამდე 2 წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა, შენგელიამ
მე-5 პერსონალურის გამო მოედანი რომ დატოვა და წინ გასული “ვირტუსი” დარჩენილ დროში “ჟალგირისთან” დამარცხდა.
“ჟალგირისის” სამწვრთნელო შტაბში იმყოფებოდა ქართველი მწვრთნელი ანდრია ანთელაძე, რომელმაც ლიეტუვური კარიერა 3 წლის წინ კაუნასელთა ბავშვთა გუნდიდან დაიწყო და დღეს ის უკვე დიდი გუნდის წევრია.
მომდევნო ტურში “ვირტუსი” კიდევ ერთ გუნდს შეხვდება, რომლის სამწვრთნელო შტაბში ქართველი მწვრთნელია – 18 ოქტომბერს ბოლონიელები მონაკოში ამ სახელწოდების გუნდს დაუპირისპირდება, სადაც ეროვნული ნაკრების ასისტენტი მწვრთნელი, მანუჩარ მარკოიშვილი მუშაობს.
GBF.GE

სრულად წაიკითხეთ სტატია