თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

Civil Georgia 3 კვირის წინ 8
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

თავდაცვის სამინისტროს ორმოცდაათამდე თანამშრომელმა ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ხაზგასმულია, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ გზას „ალტერნატივა არ აქვს“. მათი თქმით, ისინი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების ერთგულნი რჩებიან. ამ განცხადებით თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ეხმიანებიან, რომელმაც 28 ნოემბერს განაცხადა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესს აჩერებს.

„ვაცნობიერებთ რა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და დასავლელი პარტნიორების წვლილს საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების განვითარების პროცესში, ერთგული ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულებისა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ გუშინდელი განცხადების შემდეგ, საჯარო სამსახურის თანამშრომლების ნაწილმა პროფესიული დუმილი დაარღვია და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ღიად გაემიჯნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს 134-მა თანამშრომელმა მსგავსი განცხადება გაავრცელა, სადაც ევროკავშირში ინტეგრაციისადმი ერთგულებას ადასტურებს. ორმა ელჩმა – ბულგარეთში (გადადგა) და სამხრეთ კორეაში (საჯარო განცხადება) – გაიზიარა კოლეგების პოზიცია.

ირაკლი კობახიძე საჯარო მოსამსახურეთა პროტესტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „აქაც იკვეთება წაკითხულის გააზრების და მოსმენილის გააზრების პრობლემა. თუ ვინმეს აქვს ეს პრობლემა ობიექტურად, მე პირადად მზად ვარ, რომ განვუმარტო თითოეული საკითხი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მოსმენილის სწორად გააზრების პირობებში, პროტესტის განცდა არავის არ უნდა გასჩენოდა“.

ფართო საზოგადოებრივი პროტესტისა და საჯარო სამსახურში მზარდი უთანხმოების ფონზე, მმართველი პარტია ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ გუშინდელი განცხადება უბრალო შეფერხებას გულისხმობდა, რომლის გამოწვევიც ევროკავშირია, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ბრალი აღიაროს, რომ უარი თქვა ევროკავშირის პირობების შესრულებაზე და ევროკავშირის პრინციპებისა და ღირებულებების საწინააღმდეგო კანონმდებლობა მიიღო.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია