„ვრცელდება დეზინფორმაცია...“ - სახალხო დამცველის აპარატი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

Primetime.ge 12 საათი წინ 4
„ვრცელდება დეზინფორმაცია...“ - სახალხო დამცველის აპარატი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ბრალდებულის, ნინო დათაშვილის უფლებრივი მდგომარეობის ზედამხედველობას და ყველა ზომას მიიღებს, რათა დაიცვას მისი უფლებები კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.განცხადების თანახმად, ნინო დათაშვილმა სახალხო დამცველის რწმუნებულებს 11 ივლისს მოსთხოვა, მის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია არ გამხდარიყო საჯარო.„27 ივნისს, 11 და 16 ივლისს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ნინო დათაშვილი მოინახულეს. შეხვედრისას ნინო დათაშვილმა რწმუნებულებთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, რის შესახებაც, სახალხო დამცველის აპარატმა, რეაგირების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს მიმართა. აღსანიშნავია, რომ ნინო დათაშვილმა სახალხო დამცველის რწმუნებულებს 11 ივლისს მოსთხოვა, მის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია არ გამხდარიყო საჯარო. შესაბამისად, აპარატს არ გაუსაჯაროებია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ბრალდებულის უფლებრივი მდგომარეობის ზედამხედველობას და ყველა ზომას მიიღებს, რათა დაიცვას მისი უფლებები კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკანასკნელ პერიოდში ინსტიტუტის შესახებ მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია.„სახალხო დამცველს სურს, გამოეხმაუროს უკანასკნელ პერიოდში ინსტიტუტის შესახებ მიზანმიმართულად გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, თითქოს, აპარატი არ ახდენს დროულ რეაგირებებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე.  მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნულზე გვსურს, განვმარტოთ შემდეგი: აპარატის რეაგირების თაობაზე დეზინფორმაციის გავრცელება სოციალურ ქსელებსა თუ ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან განსაკუთრებულ ზიანს აყენებს თითოეული პატიმრის უფლებების დაცვის პროცესს. სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი ფუნქციონირებს 24-საათიან რეჟიმში. ნებისმიერ დროს დახურული ტიპის დაწესებულებიდან მიღებულ ინფორმაციაზე, რომელიც ეხება როგორც სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, ასევე ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს, ხდება დაუყოვნებელი რეაგირება. სახალხო დამცველის რწმუნებულები ადგილზე ახორციელებენ ვიზიტს და ახდენენ პირველად რეაგირებას. ამასთან, განისაზღვრება შემდგომში გასატარებელი ღონისძიებები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, იგეგმება აპარატში დასაქმებული ექიმის ჩართულობა. სახალხო დამცველი, როგორც წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმი, უპირველესად მოქმედებს დაკავებულ პირთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და მათი მოთხოვნის შესაბამისად, იცავს მათ შესახებ პერსონალურ ინფორმაციას, მათ შორის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ინფორმაციის გასაჯაროება ხდება მხოლოდ თავისუფლებააღკვეთილი პირის თანხმობის შემთხვევაში. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებს არასდროს ჰქონიათ და არ აქვთ უფლებამოსილება, თავად ჩაატარონ სამედიცინო გამოკვლევები პენიტენციურ დაწესებულებებში.  სახალხო დამცველი აქტიურად აგრძელებს პატიმართა უფლებების, მათ შორის, ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით, ზედამხედველობის განხორციელებას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია