„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს პარტიული სიის ჩახსნის მოთხოვნით მიმართავს

Civil Georgia 3 კვირის წინ 8
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს პარტიული სიის ჩახსნის მოთხოვნით მიმართავს

ოპოზიციური კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სოფო ჯაფარიძემ 26 ნოემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კოალიციამ ოფიციალური განცხადებით მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მისი სიის ჩახსნის მოთხოვნით. განცხადებას კოალიციის ლიდერმა თინა ბოკუჩავამ მოაწერა ხელი.

გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრისას, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ კოალიცია „არ ცნობს არჩევნების შედეგებს“ და რომ თუ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც, მისი თქმით, „რუსული სპეცოპერაციის მონაწილეა“, კანონის გათვალისწინებულ სამდღიან ვადაში დააკმაყოფილებს განცხადებას, კოალიცია შემდეგ ნაბიჯებს გადადგამს, რათა „არასოდეს ამ პარლამენტს არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია“.

კანონის თანახმად, პარტიას შეუძლია ოფიციალურად მიმართოს ცესკოს სიის ჩახსნის მოთხოვნით მას შემდეგ, რაც პარლამენტი პირველ სხდომაზე დეპუტატების უფლებამოსილებებს აღიარებს. პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს გაიმართა და მან 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება აღიარა, თუმცა მათი არჩევის კანონიერება ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ მესამე ოპოზიციური ძალაა, რომელმაც ოფიციალურად მიმართა ცესკოს სიების ჩახსნის მოთხოვნით. იგივე ნაბიჯი უკვე გადადგეს კოალიციამ „ძლიერი საქართველოს და „კოალიციამ ცვლილებისთვის“. მხოლოდ გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ რჩება, რომელსაც ცესკო-სთვის ჯერ არ მიუმართავს, თუმცა მან უკვე განაცხადა, რომ არჩევნებს გაყალბებულად და პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევს. გახარიას გუნდის გზავნილი იყო, რომ პარტია არ მისცემს ლეგიტიმაციას პარლამენტს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რის გაკეთებას აპირებს.

სრულად წაიკითხეთ სტატია