ეკლესია ღვთისმშობლის მშობლების, იოაკიმესა და ანას ხსენების დღეს აღნიშნავს

Primetime.ge 2 თვის წინ 53
ეკლესია ღვთისმშობლის მშობლების, იოაკიმესა და ანას ხსენების დღეს აღნიშნავს
22 სექტემბერს, ეკლესია ღვთისმშობლის მშობლების, იოაკიმესა და ანას ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა იოაკიმე და ანა იუდეის ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ. წმიდა იოაკიმე დავითის სამეფო გვარის ჩამომავალი იყო, ანა კი ლევიტელთა ტომიდან.წმიდა იოაკიმე და ანა უშვილონი იყვნენ. უნაყოფობა ძველ აღთქმაში ღვთის კურთხევის მოკლებად, ღვთისგან მოვლენილ უმძიმეს სასჯელად მიიჩნეოდა. წმიდა იოაკიმეს სჯული აძლევდა უფლებას, რომ ბერწობის გამო მეუღლე გაეშვა და სხვა შეერთო, მაგრამ სულიერად ის სჯულზე მაღლა იდგა. ღმერთმა წყალობით გადმოხედა ცოლ-ქმარს და იშვა „პალატი ცათა მეუფისა“ - ყოვლადწმიდა ქალწული, ღვთისმშობელი მარიამი.მშობლები სამი წელიწადს ზრდიდნენ ასულს, შემდეგ კი, დადებული აღთქმის თანახმად, იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს და უფალს შესწირეს. წმიდა იოაკიმემ ამის შემდეგ, სულ რამდენიმე წელიწადს იცოცხლა და, ოთხმოც წლის ასაკს მიღწეული, მშვიდობით მიიცვალა. მეუღლის მიცვალების შემდეგ ანა იერუსალიმში გადასახლდა და ტაძართან, თავისი ასულის სიახლოვეს ცხოვრობდა. მალე, ორ წელიწადში, ისიც მიიცვალა - სამოცდაცხრამეტი წლის ასაკში.წმიდა ეკლესია წმიდათა და მართალთა, იოაკიმესა და ანას, ღვთისმშობლის შობის მეორე დღეს იხსენიებს, რათა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ ჯეროვანი პატივი მიაგოს მის მშობლებსაც. როგორც იესო ქრისტეს ხორციელი წინაპრები, ისინი იწოდებიან „მშობლებად ღმრთისა“ და ყოველი საეკლესიო მსახურების ბოლოს, ჩამოლოცვაში, მორწმუნენი მეოხებას ითხოვენ.
სრულად წაიკითხეთ სტატია