განათლების სამინისტროს 150-მდე თანამშრომელმა ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გუშინდელი განცხადება „არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს“. მსგავსი განცხადებები უკვე გაავრცელეს საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლებმა.
„საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერთა რაოდენობა მზარდია.
განცხადების თანახმად, მისი ხელმომწერები წლების მანძილზე ემსახურებიან დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნულ ინტერესს. „ჩვენთვის ეს გულისხმობს ევროპული განათლების სისტემის შენებას, რომელიც შექმნის თანაბარ შესაძლებლობებს თითოეული ადამიანისათვის, კონკურენტუნარიანს გახდის ქართველ ახალგაზრდასა და მეცნიერს, მისცემს შესაძლებლობას შეუერთდეს მაღალი სტანდარტების სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეს და უზრუნველყოს საქართველოს დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს შენება-გაძლიერება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 29/11/2024 – ელჩი ჰერჩინსკი: სრულიად ახალი, „გულსატკენი“ რეალობა