ბრიტანეთის ელჩი: დიდმა ბრიტანეთმა მინისტრებს შორის „უორდროპის დიალოგი“ შეაჩერა

Civil Georgia 2 თვის წინ 25
ბრიტანეთის ელჩი: დიდმა ბრიტანეთმა მინისტრებს შორის „უორდროპის დიალოგი“ შეაჩერა

ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, გარეტ უორდმა, თავისი ქვეყნის შეშფოთებაზე ისაუბრა საქართველოს მმართველი პარტიის „დემოკრატიული უკუსვლისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ გამო და განაცხადა, დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა დაარსებიდან 10 წლის თავზე გაყინოს მინისტრებს შორის მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“, ასევე არ გამართოს თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები და შეაჩეროს ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა. ელჩმა უორდმა თავისი მოსაზრებები 15 ოქტომბერს „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გააჟღერა.

ელჩმა აღნიშნა, რომ ივლისში ელჩის თანამდებობაზე დანიშვნამდე ის საქართველოს მიმართ ოპტიმისტურად იყო განწყობილი ქვეყნის „ევროატლანტიკური კურსისა და ძლიერი ეკონომიკური პერსპექტივის“ გამო. მან აღნიშნა: „მოლოდინი მქონდა, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებდით საქართველოს მედეგობის გაძლიერების და ჩვენი საერთო კეთილდღეობისთვის“.

თუმცა, მან იქვე ხაზი გაუსვა, რომ ჩამოსვლის შემდეგ თავისი შეხედულებების შეცვლა მოუწია, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებამ განსხვავებული კურსი არჩია. „თბილისში ჩემი პირველი თვეების განმავლობაში მომიწია მკაფიოდ გამომეხატა ჩვენი შეშფოთება დემოკრატიის უკუსვლისა და ანტიდასავლური რიტორიკის შესახებ. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა შეცვლის მიდგომებს, რაც მეც საშუალებას მომცემს დავიბრუნო ოპტიმიზმი“, – განაცხადა ელჩმა.

საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობებზე საუბრისას, ელჩმა აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობები დაზიანდა, ისევე როგორც სხვა დასავლელ პარტნიორებთან. მისი თქმით, ოფიციალური ლონდონი ძალიან შეაშფოთა „უცხოელი აგენტების“ კანონის მიღების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, ასევე მმართველი პარტიის მუქარამ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე. მას იმედი გაუცრუა კონსპირაციულმა თეორიებმა, რომ დასავლელი პარტნიორები „ძირს უთხრიან საქართველოს“.

„ჩამოთვლილი მიზეზების გამო, პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად მოხდა დიალოგის ფორმატის დაარსებიდან. ჩვენ ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა. არჩევნების შემდეგ, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება მთავრობაში, ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნების მკაფიო მტკიცებულებებს, რათა აღვადგინოთ ნდობა და დავუბრუნდეთ მჭიდრო პარტნიორობას“, – განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა.

უორდროპის სტრატეგიული დიალოგი საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობების მთავარი პლატფორმაა, რომელიც მოიცავს თანამშრომლობის პრაქტიკულად ყველა მიმართულებას: საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, განათლებისა და კულტურის სფეროს, ხალხთა შორის კონტაქტებს. 2014 წლიდან მოყოლებული, „უორდროპის დიალოგის“ ფარგლებში რვა შეხვედრა გაიმართა.

შემდეგ ელჩმა ნატოში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს ამბიციებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს მისწრაფებებს ნატოში. „მაგრამ ნატო არა მხოლოდ სამხედრო ალიანსია, ის პოლიტიკური გაერთიანებაცაა. შესაბამისად, ნატო-ში გასაწევრიანებლად მნიშვნელოვანია საქართველომ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები თავისუფალი სასამართლოს, ადამიანის უფლებათა დაცვის და საპარლამენტო ზედამხედველობის მიმართულებით.სწორედ ამიტომ გამოთქვა შეშფოთება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ნატო-სკენ მიმავალ გზაზე შეუსაბამოა ისეთი ზომების მიღება, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს“, – განაცხადა ელჩმა.

მოახლოებულ არჩევნებზე საუბრისას, ელჩმა აღნიშნა: „ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება აირჩიოს საკუთარი მთავრობა თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებში. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიაში 50 დამკვირვებელი იქნება დიდი ბრიტანეთიდან. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნებს აკვირდებიან. ისინი მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ამ არჩევნებზე, რომ საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა, რომ მათი ხმა საარჩევნო ყუთთან დაფიქსირდება“.

ბრიტანეთის ელჩმა „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივებზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ გამოხარა შეშფოთება „უცხოელი აგეენტების“ კანონის გამო, რომელიც „აზიანებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და თავისუფალ მედიას საქართველოში“ და „ახშობს სიტყვის თავისუფლებას, ასევე სტიგმატიზაციას უკეთებს მათ, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს“. რაც შეეხება ანტი-ლგბტ კანონმდებლობას, ელჩმა განაცხადა, რომ ის „დისკრიმინაციულია უმცირესობათა მიმართ და ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. ჩემი გამოცდილებით, საქართველო არის ტოლერანტული საზოგადოება, აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციებით და ეს კანონები ეწინააღმდეგება ამას, ისევე როგორც ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომლებიც განმტკიცებულია ევროპის საბჭოს მიერ“.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია