“ბაჩიაშვილი იძულებით დააბრუნეს, მას წამების საფრთხე ემუქრება” – ადვოკატები

News.ge 5 დღის წინ 1
“ბაჩიაშვილი იძულებით დააბრუნეს, მას წამების საფრთხე ემუქრება” – ადვოკატები

თანაინვესტირების ფონდის, ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფი აცხადებს, რომ იგი საქართველოში იძულებით დააბრუნეს, სადაც მას “წამების საფრთხე ემუქრება.”
“გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის 26 მაისს საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდეგ წამების უშუალო რისკის წინაშე დგას. ბატონი ბაჩიაშვილის საერთაშორისო იურიდიული გუნდი გამოიყენებს ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რათა საქართველომ პასუხი აგოს ბატონი ბაჩიაშვილის საქმეში განხორციელებული უკანონო ქმედებებისთვის, გააპროტესტოს საქართველოში სამართლიანობის მიმდინარე დამახინჯება და მოითხოვოს ანაზღაურება ბატონი ბაჩიაშვილის თვითნებური დაკავებისა და არასათანადო მოპყრობისთვის”, – წერია განცხადებაში.
ადვოკატი რობერტ ამსტერდამი გმობს საქართველოს მიერ საერთაშორისო სამართლის მექანიზმების ბოროტად გამოყენებას იმისთვის, რომ დააპატიმროს ბაჩიაშვილი “ხელისუფლებისთვის სიმართლის თქმის გამო”.
ადვოკატთა ჯგუფის განცხადებით გიორგი ბაჩიაშვილის დევნის კამპანიას, ოლიგარქი ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ქართული სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებულ წამების შემთხვევებს, რომლებსაც არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და ინსტიტუტმა გაუსვა ხაზი, განსაკუთრებით მწვავეა პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებში, მათ შორის ბაჩიაშვილის ქეისშიც.
“საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები ბატონი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ, მათ შორის უაზრო და ვადაგასული ბრალდებები, რომლებიც ათწლეულის წინ ლეგიტიმურ ბიზნეს საქმიანობას ეფუძნება, ასახავს სასამართლო სისტემის სისტემურ გამოყენებას პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად. ბატონი ბაჩიაშვილის საქართველოში იძულებითი დაბრუნება დღეს მას თვითნებური დაკავების, იძულებითი დაკითხვისა და არასათანადო მოპყრობის უშუალო რისკის ქვეშ აყენებს.
საფრთხე რეალურია. გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა მოიხსენია „მრავალი და თანმიმდევრული ბრალდება“ ქართველი სამართალდამცავი ორგანოების მიერ წამების შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ გამოიტანა გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის გამო. ხოლო ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა (CPT) თავის 2018 წლის საჯარო ანგარიშში გააფრთხილა საქართველოში დაკავების დროს ცემის, იძულებითი დაკითხვისა და არასაკმარისი დაცვის მექანიზმების მუდმივი შემთხვევების შესახებ. ეს შეშფოთება განსაკუთრებით მწვავეა პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებში, როგორიცაა ბატონი ბაჩიაშვილის საქმე, სადაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა მთლიანად კომპრომეტირებულია”, – აღნიშნულია ბაჩიაშვილის ადვოკატთა განცხადებაში.
ადვოკატები წერენ, რომ საქართველოში წარმოებული სასამართლო პროცესები არღვევს ძირეულ სტანდარტებს, რაც უფრო აშკარა ხდება იმ საქმეებში, რომლებსაც პოლიტიკურად მოტივირებული პროკურორები და მოსამართლეები წარმართავენ.
“ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქართველოში წარმოებული სასამართლო პროცესები თავისთავად წარმოადგენს სათანადო პროცესის ძირითადი სტანდარტების დარღვევას. ისინი უფრო ფართო ნიმუშის ნაწილია, რომლის დროსაც პოლიტიკურად დაკავშირებული პროკურორები და მოსამართლეები გამოიყენება რეჟიმის სავარაუდო ოპონენტების გასაჩუმებლად და გავლენის დამოუკიდებელი ცენტრების დასაშლელად.
საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პასუხისმგებლობას დააკისრებს ბატონი ბაჩიაშვილის უფლებების ყველა დარღვევისთვის. საქართველომ უნდა შეასრულოს სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და ბატონი ბაჩიაშვილის და პოლიტიკური მოტივით დევნის წინაშე მყოფი სხვა პირების ფუნდამენტური უფლებების დაცვის ვალდებულებები”, – წერია განცხადებაში.
***
გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს სუს-მა გაავრცელა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და თავისუფლების 3-დან 5-წლამდე ვადით აღკვეთს გულისხმობს.

სრულად წაიკითხეთ სტატია