ჰერჩინსკი: ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ „ნაკლებად სავარაუდოა“

Civil Georgia 2 თვის წინ 31
ჰერჩინსკი: ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ „ნაკლებად სავარაუდოა“

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიური ანგარიში ოქტომბრის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება, თუმცა მან ვერ დააკონკრეტა, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე მოხდება ეს, თუ შემდეგ. 7 ოქტომბერს ადგილობრივ მედიასთან საუბრისას, ელჩმა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ევროკავშირის ლიდერების მომავალ დისკუსიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.

„ჩვენ ველოდებით საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებას ოქტომბრის მეორე ნახევარში, რაც სავარაუდოდ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ან არჩევნებიდან რამდენიმე დღეში მოხდება“, – განაცხადა ელჩმა ჰერჩინსკიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკომისიის მიერ დადებითი რეკომენდაციის გაცემის შანსი საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად „ნაკლებად სავარაუდოა” და რომ ბლოკის დადებითი გადაწყვეტილება საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ „კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა“. ასეთი უარყოფითი მოლოდინების საფუძველია ისაა, რომ ევროკავშირმა საქართველოს ანტიდემოკრატიული ნაბიჯების, ასევე ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების გაუარესების გამო საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა.

ელჩმა ჰერჩინსკიმ ასევე განაცხადა, რომ ბლოკი უახლოეს დღეებში და კვირებში საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს. კერძოდ, 8 ოქტომბერს საქართველოს შესახებ საპარლამენტო დებატები გაიმართება. 14 ოქტომბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან და საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. 17-18 ოქტომბერს კი ევროპული საბჭო კვლავ განიხილავს საქართველოში არსებულ ვითარებას. ელჩმა განმარტა, რომ ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ლიდერები საქართველოზე მსჯელობენ, „არ არის კარგის ნიშანი“. „ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეშფოთებულები ვართ განვითარებული მოვლენებით,“, – განაცხადა ელჩმა.

ევროკავშირის ელჩმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ქართველებს არჩევნებში მონაწილეობისკენ. მან გამოთქვა ევროკავშირის მზადყოფნა ითანამშრომლოს ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან არჩევნების შემდეგ, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რამდენიმე პრინციპი, მათ შორის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და უმცირესობების უფლებები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება.

ევროკავშირის ელჩს ასევე სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ხელისუფლების ახალ ინიციატივაზე, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის მორიგი რაუნდის დაწყებას ითვალისწინებს და რომლის მიზეზიც, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების თქმით, პრეზიდენტის მიერ გასულ კვირას მთავრობის თანხმობის გარეშე განხორციელებული უცხოური ვიზიტებია. პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ხელს არ შეუწყობს ქვეყნის დეპოლარიზაციას და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად საჭირო გარემოს შექმნას.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია