ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ მადლიერება და სოლიდარობა გამოხატა ჟურნალისტების მიმართ პროფესიული მოვალეობების შესრულებისას გამოხატული თავდადებისთვის და მათზე თავდასხმებს „ამაზრზენი“ უწოდა. მისი თქმით, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც კი ოდესმე ყოფილა, „საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიერ მიღებული რიგი არადემოკრატიული გადაწყვეტილებების გამო“.
„დღეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, ვიდრე ოდესმე ყოფილა, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიერ მიღებული რიგი არადემოკრატიული გადაწყვეტილებების გამო“, – განაცხადა ელჩმა. „ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების 1 წლისთავზე მედიის მიმართ ასეთი სასტიკი მოპყრობის თვითმხილველები ვიქნებოდით“.
„წლების განმავლობაში გვჯეროდა, რომ მედიისთვის პრიორიტეტული საჭიროება სტანდარტების განვითარება იყო. სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, რომ ასეთი პრიორიტეტები ძირეულად შეიცვალა. ამჟამად პრიორიტეტია ჟურნალისტების ფიზიკური დაცვის აუცილებლობა ცემისგან, ფიზიკური და სიტყვიერი აგრესიისგან, დაშინებისგან, დევნისგან, არასათანადო მოპყრობისაგან და წამებისგანაც კი – ეს არის საგანგაშო სიტყვა, რომელიც სახალხო დამცველის განცხადებებში არის გამოყენებული. არ შეიძლება, რომ ეს გულთან ახლოს არ მივიტანოთ“, – აღნიშნა ელჩმა.
მან დაგმო მედიის გაჩუმების მცდელობები და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს თავისუფალ და დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას. „ყველა განცხადებაში და ყველა დონეზე, ევროკავშირი მუდმივად გმობს ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მედიის გაჩუმებას და მის პროფესიულ მოვალეობებში ხელის შეშლას“.
ამ კონტექსტში მან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის სიტყვები გაიხსენა, რომლის თქმითაც „დემოკრატიები არ თრგუნავენ ოპოზიციის ხმებს და მედიის თავისუფლებას არ ზღუდავენ “. ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების დაფინანსების შეჩერებასთან ერთად, ევროკავშირი გაზრდის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას.
„მივესალმები იმ მედეგობას და გამბედაობას, რომელიც თქვენ, როგორც მოქალაქეებმა და ჟურნალისტებმა გამოიჩინეთ. თქვენი შრომა არის ის ძალა, რომელიც სათანადოდ უნდა დაფასდეს. როგორც უცხოელი დიპლომატები, დიდად ვაფასებთ და ვეყრდნობით თქვენს მუშაობას, რომელიც რთულ მოვლენებში გარკვევაში გვეხმარება“, – დასძინა ელჩმა.
ასევე წაიკითხეთ: