ჰერჩინსკი გადამწყვეტ არჩევნებზე, ევროკავშირის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ პროპაგანდასა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრობს

Civil Georgia 2 საათი წინ 3
ჰერჩინსკი გადამწყვეტ არჩევნებზე, ევროკავშირის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ პროპაგანდასა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრობს

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 18 ოქტომბერს ხაზი გაუსვა საქართველოში მოახლოებული არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობას და მოუწოდა ყველა ქართველს მივიდეს არჩევნებზე, გააკეთოს თავისი არჩევანი და ახსოვდეს, რომ სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ ქვეყნის მომავალი. მან ასევე ისაუბრა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე, ევროკავშირში ინტეგრაციის შეფერხებულ პროცესზე და ხაზი გაუსვა მმართველი პარტიის პროპაგანდას ევროკავშირის წინააღმდეგ, რასაც ის ხედავს როგორც ერთგვარ კონკურენციას „ქართული ოცნების“ წევრებს შორის, ვინ უფრო მეტად შეურაცხყოფს ევროკავშირს.

ელჩმა ასევე ისაუბრა ევროპული საბჭოს სხდომის დასკვნებზე და დოკუმენტის მთავარ გზავნილებს გაუსვა ხაზი, როგორიცაა ევროკავშირის მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის თაობაზე საქართველოს მიზნის მიმართ და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ამჟამინდელი „სავალალო“ მდგომარეობა, რაშიც „ბრალი საქართველოს ხელისუფლებას ედება“, რომელმაც, მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში თავისი ქმედებებითა და განცხადებებით მიზანმიმართულად ჩამოაშორა საქართველო ევროკავშირს.

აღნიშნა რა, რომ არჩევნები ერთ კვირაში ჩატარდება, მან ხაზი გაუსვა, რომ ქართველების გადასაწყვეტია, რა მომავალი სურთ საკუთარი თავისთვის და შვილებისთვის. „თითოეულ თქვენგანს ექნება შანსი გადაწყვიტოს, გსურთ თუ არა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი … ჩვენი მხრიდან, მზად ვართ მოგესალმოთ. ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ წესებისა და პრინციპების საფუძველზე, რომლებიც ყველა ჩვენგანზე ვრცელდება… და ეს წესები ძალიან მკაფიოა – თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები. ეს წესები გათვალისწინებულია ევროკავშირის ხელშეკრულებებში და ისინი მოლაპარაკებას არ ექვემდებარება“, – აღნიშნა ელჩმა.

ელჩმა ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ „არჩევნები დემოკრატიის ფესტივალია“ და რომ ევროკავშირი „დაჟინებით მოითხოვს“, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, ყველა პარტიას ჰქონდეს შესაძლებლობა წარმოადგინოს თავისი პროგრამა და იასპარეზონ გამჭვირვალე და ინკლუზიურ გარემოში. ყველა მოქალაქეს ჰქონდეს უფლება, ფარულად მისცეს ხმა. „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ხალხი გამოვა, ხმას მისცემს, რომ აქტივობა ძალიან მაღალი იქნება, რადგან ეს არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს მომავლისთვის. გთხოვთ, წადით და მიეცით ხმა. ეს თქვენი უფლებაა, თქვენი მოვალეობაა და თქვენი არჩევანია. თქვენ გაქვთ უფლება გადაწყვიტოთ თქვენი ქვეყნის მომავალი, თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის“, – განაცხადა ელჩმა ჰერჩინსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება არჩევნებს, დაელოდება ეუთო/ოდირის ანგარიშს და პრესკონფერენციას, რომელიც მეორე დღეს გაიმართება და გაიზიარებს არჩევნების პროცესის შეფასებას, ასევე დაელოდება სხვა, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლების მოსაზრებებს. „მე შემიძლია მხოლოდ გავიმეორო, აუცილებელია, რომ არჩევნები საქართველოში ჩატარდეს უმაღლესი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების დაცვით და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ასეც იქნება“.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი პატივს სცემს იმას, რა გადაწყვეტილებასაც ქართველები მიიღებენ, და დასძინა, რომ „ეს არის ყველაზე დიდი განსხვავება ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის“ [მას სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა თბილისის მერის კახა კალაძის 14 ოქტომბრის კომენტარი, როდესაც მან ევროკავშირი სსრკ-ს შეადარა]. ელჩმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევანს პატივს სცემენ, თუ საქართველო გადაიქცევა ერთპარტიულ სახელმწიფოდ, სადაც არ იქნება ოპოზიციური პარტიები, სსო-ები, თავისუფალი მედია და ადამიანის უფლებები, საქართველო ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ევროკავშირს მოუწევს დამატებითი საპასუხო ნაბიჯების გადადგმა, როგორიცაა უვიზო რეჟიმის შეჩერება ან/და სანქციების შემოღება.

რაც შეეხება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, მან გაიმეორა ევროპული საბჭოს ივნისის გადაწყვეტილება გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე, რაც „ქართული ოცნების“ მიზანმიმართულმა ქმედებებმა და გადაწყვეტილებებმა განაპირობა. „ასე რომ, პრობლემა ბრიუსელში არ არის. პრობლემა ვაშინგტონში არ არის. პრობლემა და გამოსავალი კიევში არ არის. პრობლემა და გამოსავალი აქ არის, საქართველოში“, – აღნიშნა მან.

მან გაიხსენა, რომ გაფართოების ანგარიშში ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ანტიდასავლური, ანტიევროპული პროპაგანდის შეჩერება. „სამწუხაროდ, გასული წლის განმავლობაში ანტიდასავლური, ანტიევროპული დეზინფორმაცია არ შეწყვეტილა. პირიქით… ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, კონკურსი გვაქვს საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებს შორის, თუ ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ შეიტანს ეჭვს, ვინ მიაყენებს შეურაცხყოფას ევროკავშირს. ეს აშკარად მიუღებელია“, – აღნიშნა ელჩმა.

ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი ნამდვილად მშვიდობიანი პროექტია, რომელმაც მიიღო „რთული“ და „მამაცი“ გადაწყვეტილება, კარი გაუღოს საქართველოს და გაუზიაროს „მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა“, „მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს. მხოლოდ გარკვეული პირობებით. და, სამწუხაროდ, გასულმა წელმა ფუჭად ჩაიარა. იმის მაგივრად, რომ საქართველო ევროკავშირს დაახლოებოდა, მანძილი კიდევ უფრო გაიზარდა… ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არჩევნებში გაიმარჯვებს, განაახლებს მუშაობას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“.

ელჩმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რას დაკარგავს საქართველო, თუ იმ გზას გააგრძელებს, რომელსაც ახლა ადგას. მისი თქმით, მთავრობამ უკვე დაკარგა 121 000 000 აშშ დოლარის ევროკავშირის დახმარება და დასძინა, რომ თუ ხელისუფლების კურსი არ შეიცვლება „საქართველო სულ უფრო მეტს დაკარგავს“. „ევროკავშირში გაწევრიანება არის მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარებისა და კეთილდღეობის გარანტი, მაგრამ არჩევანი თქვენზეა“, – დასძინა ჰერჩინსკიმ.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია