ჰელსინკის კომისიის ლიდერებმა კონგრესში MEGOBARI-ს კანონი ხელახლა წარადგინეს

Civil Georgia 2 დღის წინ 15
ჰელსინკის კომისიის ლიდერებმა კონგრესში MEGOBARI-ს კანონი ხელახლა წარადგინეს

ამერიკელმა კონგრესმენებმა, რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა და დემოკრატმა სტივ კოენმა, რომლებიც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეები არიან, 3 იანვარს ხელახლა წარადგინეს  კანონი MEGOBARI, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო საქართველოს ხელისუფლების  ოფიციალურ პირებზე სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტი ასევე ავალებს შესაბამის ამერიკულ უწყებებს, კონგრესს აცნობონ საქართველოში უცხოური გავლენისა და მის მიერ სანქციების თავიდან არიდებაზე, ასევე საქართველოში მოქმედ რუსული დაზვერვის აქტივებზე.

ორივე პარტიის წარმომადგენლების მიერ ინიცირებული ეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერადაა შექმნილი, მას შემდეგ შემუშავდა, რაც ქვეყანაში ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით საგარეო პოლიტიკის მკვეთრი ცვლილებები, მთავრობის მხრიდან მზარდი რეპრესიები, საერთაშორისო იზოლაციისკენ მიმართული ნაბიჯები და დემოკრატიის უკუსვლა დაფიქსირდა.

ბაიდენის ადმინისტრაციამ წარსულში უკვე დააწესა სანქციები და სამგზავრო შეზღუდვები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო. თუმცა, ეს კანონპროექტი დამატებით ზომებს ითვალისწინებს, მათ შორის, აღმასრულებელ ხელისუფლებას ავალებს ჩაატაროს გამოძიება საქართველოს სუვერენიტეტის შელახვისა და კორუფციის თაობაზე  „ქართული ოცნების“ წევრებისა და მასთან დაახლოებული პირების ოჯახის წევრების მიმართ.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა MEGOBARI-ს კანონის წარდგენასთან დაკავშირებით 4 იანვარს განაცხადა: „ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რომ დასრულდეს საქართველოს კოშმარი და აგრესორების ალიანსმა შეწყვიტოს ქართველი ხალხის ტერორი“.

კანონპროექტის განხილვისას, რომელიც დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ერთობლივი ინიციატივაა, სტივ კოენმა The Hill-თან განაცხადა: „15 წუთში ფიცის დადებას ვიწყებთ და ჯე კიდევ ფიცის დადებამდე ამერიკის კონგრესი საქართველოს ხალხის გვერდით დგას“.

მიუხედავად იმისა, რომ MEGOBARI-ს კანონის ინიციატორების თავდაპირველი მიზანი იყო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მისი მიღება, წინა კონგრესის ბოლო კვირებში მიღება სხვა პრიორიტეტების გამო არაერთხელ გადაიდო. თუმცა, ამჯერად მისი მიღების პერსპექტივა უფრო რეალური ჩანს.

ამასთან, გასულ კვირას ჯო უილსონმა განაცხადა, რომ კიდევ ერთ კანონპროექტს წარადგენს – „Georgian Nightmare Non-Recognition Act“, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ „აშშ-მა არ აღიაროს საქართველოში უკანონო დიქტატორული რეჟიმი“ და სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად მიიჩნიოს, სანამ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება. უილსონმა ასევე სალომე ზურაბიშვილს ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 20 იანვრის ინაუგურაციაზე დასწრების მოწვევაც გაუგზავნა.

გასული წლის ბოლოს ბაიდენის ადმინისტრაციამ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა, რადგან ის რუსეთის მთავრობის სახელით ან სასარგებლოდ დემოკრატიულ პროცესებს ასუსტებდა. ბოლო თვეებში აშშ-მა საქართველოს ათობით ოფიციალური პირი და სხვა მოქალაქე კორუფციისა და დემოკრატიის შელახვის ბრალდებით დაასანქცირა.

2024 წლის 30 დეკემბრის წერილში, რომელიც სახელწიფო მდივნის კანდიდატად დასახელებულ მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის კანდიდატად დასახელებულ მაიკლ უოლცს მიემართებოდა, ჯო უილსონმა მოუწოდა მათ, არსებული სანქციები ბიძინა ივანიშვილის ოჯახსა და მის ახლო გარემოცვაზე გააფართოვონ და „საქართველოს მიერ სანქციების თავიდან აცილების სქემები“ დაშალონ.

ამასთან, საქართველოს დემოკრატიის მხარდამჭერი კიდევ ერთი კანონპროექტი – „ქართველი ხალხის აქტი“, სენატში რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა და დემოკრატმა ჯინ შაჰინმა წარადგინეს. ეს კანონპროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ავალებს, რომ საქართველოს მიმართ გრძელვადიანი სტრატეგია შეიმუშაოს, მათ შორის გადახედოს სამხედრო დახმარებას და საქართველოს მთავრობისთვის მხარდაჭერის დაფინანსება შეაჩეროს.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია