„ჯორჯიან ეარვეისი“ კრიტიკის სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ერთ-ერთი VIP თვითმფრინავით, რომელიც ჩვეულებრივ მთავრობის ვიზიტებისთვის გამოიყენება, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაშემწე და თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩაიშვილი აბუ-დაბიდან თბილისში ჩამოიყვანეს.
BM.Ge-ს ცნობით, Bombardier CRJ-ის თვითმფრინავი აბუ-დაბიში 26 მაისს, GMT დროით 12:39-ზე, ანუ ადგილობრივი დროით 15:23-ზე დაეშვა. „ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავს, რომელიც გარდა მთავრობის ვიზიტებისა, ასევე ხელმისაწვდომია კერძო ჩარტერული მოგზაურობისთვის, ფრენის 2/3-ზე გამორთული ჰქონდა სანავიგაციო გადამცემი და ის მხოლოდ სპარსეთის ყურის თავზე დაფრენამდე 20 წუთით ადრე ჩართო, შესაბამისად, საჯარო მონაცემთა ბაზაში არ იძებნება ინფორმაცია, რომელი ქვეყნიდან გამოფრინდა აღნიშნული ბორტი. დაშვების შემდეგ GMT დროით 14:25 წუთზე, ანუ ადგილობრივი დროით 18:25 წუთზე ხომალდი აფრინდა და სპარსეთის ყურის თავზე სანავიგაციო გადამცემი ისევ გამორთო, შესაბამისად უცნობია თუ სად დაეშვა აღნიშნული ხომალდი.
მეორე დღეს, 27 მაისს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი დაკავებულია. სუს-ის თქმით, მან „ანონიმური შეტყობინება“ მიიღო, რომლის თანახმადაც „წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი“. სუს-მა განაცხადა, რომ გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ბაჩიაშვილი დააკავეს.
თუმცა, ბაჩაიშვილმა 29 მაისის სასამართლო სხდომაზე განსხვავებული ჩვენება წარმოადგინა და განაცხადა, რომ ის 24 მაისს გაიტაცეს.
„შაბათს, 24 მაისს გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს და ორი დღე თვალახვეული მატარეს“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა სასამართლოში. „ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის, ოჯახის წევრის დალაპარაკების გარეშე, ყველა წესის დარღვევით. შემდგომ, მოტაცებული პირდაპირ ჩამტენეს “აირზენას” ბომბარდიერის თვითმფრინავში და ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს მოტაცებული საქართველოში“.
მისმა ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა, „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას დაადასტურა, რომ ბაჩაიშვილი „ბომბარდიეს“ თვითმფრინავით, სპეცრეისით ჩამოიყვანეს და განაცხადა, რომ მის კლიენტს შეუძლია ბორტზე მყოფი კიდევ რამდენიმე მგზავრის ამოცნობა. მან უარი თქვა იმ ქვეყნის დასახელებაზე, სადაც ბაჩიაშვილი დააკავეს, მაგრამ დარწმუნებით თქვა, რომ ეს კავკასიის რეგიონში არ მომხდარა.
„მე შემიძლია გითხართ, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ე.წ. მწვანე ზოლის ტერიტორიაზე აიყვანეს, სინამდვილეს არ შეესაბამება, ის საერთოდ არ იმყოფებოდა კავკასიის ტერიტორიაზე, მისი გადმოყვანა, გატაცება მოხდა სხვა ქვეყნიდან, რომლის დასახელებისგანაც ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ“, – განაცხადა მან.
ჯანდიერმა ასევე აღნიშნა, რომ ბაჩიაშვილის დაკავება ექსტრადირების ფორმალური პროცედურების დაცვით არ მომხდარა.
BM.Ge-ს კითხვის საპასუხოდ, „ჯორჯიან ეარვეისმა“ უარი თქვა თვითმფრინავის მონაწილეობის დადასტურებაზე ან უარყოფაზე. „კერძო ბორტს ყოველდღე ქირაობენ ადამიანები. დამატებითი ინფორმაცია პერსონალური მონაცემებია და ვერაფერს გეტყვით, ვერც კომენტარს გავაკეთებთ. რაც შეეხება ჩვენს სამთავრობო თვითმფრინავს, ბორტი ტექნიკური შემოწმებისთვის დიდი ხანია საზღვარგარეთაა და არ ემსახურება მგზავრებს“.
ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემულ ცალკე კომენტარში, „ჯორჯიან ეარვეისმა“ განაცხადა, რომ „შეუძლებელია ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერი მოქალაქის ნებისმიერი ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა ან გამგზავრება არაკანონიერი გზით. აღნიშნულ პროცესს ბევრი შესაბამისი სტრუქტურა აკონტროლებს და მსგავსი ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა და აზრს მოკლებულია“.
უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურს გატაცების შესახებ ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ბაჩიაშვილმა, რომელიც ერთ დროს ივანიშვილის ახლო თანამოაზრე და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი იყო, 9 მარტს დაპატიმრების შიშით ფარულად დატოვა საქართველო. მან განაცხადა, რომ დაპატიმრების შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა. მან განაცხადა, რომ ივანიშვილი მას ციხეში „გაჭყლეტვით“ დაემუქრა. საქართველოს ფარგლებს გარეთ მისი ადგილსამყოფელი უცნობი რჩებოდა. ემიგრაციაში ყოფნისას მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის დაზვერვის სამსახურებიდან მიიღო ინფორმაცია, რომ ბაჩიაშვილის მკვლელობა იგეგმებოდა. 10 მარტს, ქვეყნის დატოვებიდან ერთ დღეში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს კრიპტოვალუტის მითვისებისა და ფულის გათეთრების საქმეზე დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე 2023 წელს აღიძრა, როდესაც მას ბრალად დასდეს ბიძინა ივანიშვილისგან 2017 წელს 8 253,13 ბიტკოინის მითვისება რომლის ღირებულებაც 39 215 820 აშშ დოლარია. მოგვიანებით მას 2.5 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა და ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა.