ჯო უილსონი ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდებს

Civil Georgia 3 საათი წინ 5
ჯო უილსონი ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ ჯო უილსონმა ეუთოს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს მოუწოდა, გადადოს საქართველოში მომავალ კვირას დაგეგმილი ვიზიტი და გააფრთხილა, რომ „ქართული ოცნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრები მხოლოდ მათი პოზიციებისა და ხელისუფლების ბოლო ქმედებების ლეგიტიმაციას ემსახურება“.

კონგრესმენი უილსონი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს დასკვნას იხსენებს და აცხადებს, რომ ეს არჩევნები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმურობას. უილსონმა ასევე განაცხადა, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა „ძალადობის სასტიკ კამპანია“ განახორციელეს მომიტინგეებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ. იგი ასევე მიუთითებს „გრანტების შესახებ“ კანონში ახლახანს მიღებულ სადავო ცვლილებებზე, რომლითაც უცხოელ დონორებს გრანტების გაცემამდე მთავრობის თანხმობა ესაჭიროებათ, ასევე სხვა ცვლილებებზე, რომლებიც კიდევ უფრო ამკაცრებს პოლიტიკურ პარტიებზე დაწესებულ შეზღუდვებს.

„თუ მომავალ კვირას თბილისში შეხვედრებს ჩაატარებთ, თქვენ გაუგზავნით გზავნილს, რომ თქვენ – და პოტენციურად ეუთო – მხარს უჭერთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და მის ანტიდემოკრატიულ ქმედებებს“, – აცხადებს უილსონი და დასძენს, რომ „თქვენი განზრახვაც რომ არ იყოს, ყველა წარსული მინიშნება იმაზე მეტყველებს, რომ „ქართული ოცნება“ განზრახ წარმოაჩენს ვიზიტს, როგორც მისი დღის წესრიგის ცალსახა მხარდაჭერას“.

„გთხოვთ, გადადოთ თქვენი ვიზიტი საქართველოში მანამ, სანამ სიტუაციის გაუმჯობესება არ მოხდება, არჩევნების, უცხოელი აგენტებისა და მომიტინგეების მიმართ მოპყრობის შესახებ ეუთოსა და ოდირის წინა განცხადებების შესაბამისად“, – აცხადებს იგი.

ეუთოს გენერალური მდივნის სინირლიოღლუს ვიზიტი თბილისში მომავალ კვირას, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანში, მისი რეგიონული ტურნეს ფარგლებშია დაგეგმილი.

ჯო უილსონი, რომელიც „ქართული ოცნების“ მწვავე კრიტიკითაა ცნობილი, აშშ-ის სენატში MEGOBARI-ის აქტის თანასპონსორია, რომლის მიღების შემთხვევაშიც, აშშ-ის პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებსა და მათ ხელშემწყობებზე სანქციების დაკისრებას მოითხოვს. თავის მხრივ, კანონპროექტი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და მოსახლეობას.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მთავარი ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ 26 ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და, შესაბამისად, „ქართული ოცნების“ პარლამენტს, მთავრობასა და არჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, და სანაცვლოდ, ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ. მათ ასევე გამოთქვეს შეშფოთება, რომ „ქართული ოცნება“ ვიზიტებსა და შეხვედრებს უცხოელ ოფიციალურ პირებთან საკუთარი ავტორიტარული მიზნებისთვის იყენებს.

იანვრის დასაწყისში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ განაცხადა, რომ იგი გააუქმებდა 8 იანვარს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს. თბილისში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ანონსს ოპოზიციური პარტიებისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ისინი პრეზიდენტ კაუმას აფრთხილებდნენ, რომ ვიზიტს „ქართული ოცნება“ მთავრობისა და პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მოსაპოვებლად გამოიყენებდა.  

მანამდე, 2024 წლის დეკემბერში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალან ბერსე მწვავედ გააკრიტიკეს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ თბილისში ვიზიტისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან მოლაპარაკების შემდეგ, რის შემდეგაც მან მოულოდნელად განაცხადა, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის გადახედვის მიზნით ერთობლივი კომისია შეიქმნება.

მოგვიანებით, ოთხმა მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE) და მინისტრთა კომიტეტს მოუწოდა, იანვარში გასამართ საჯარო დებატებზე განსახილველად დააყენოს საქართველოში ალან ბერსეს ვიზიტისას მისი მოქმედებების კეთილსინდისიერებისა და ევროპის საბჭოს სადამფუძნებლო პრინციპებთან შესაბამისობის საკითხი.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია