“ახლა ღამის 4-ის ნახევარია და დიდი ფიქრის შემდეგ ვწერ ამ პოსტს.
ბევრმა იცით, რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანია თბილისის კერძო მუზეუმის გაკეთება. წლებია ამაზე ვფიქრობ და ვმუშაობ. უკვე დიდი მასალაც დამიგროვდა.
ეს მუზეუმი უნდა იყოს ცოცხალი (და არა სტატიკური) სივრცე, აუდიო-ვიზუალური ეფექტებით, საკოლექციო ნივთებით, აღდგენილი ტრადიციებით, თბილისური ეზოებით (არტარეასთან ერთად რომ ვაკეთებდით), ადამიანური ისტორიებით… ყველაფრით, რაც ამ ქალაქზე მოგიყვებათ.
ამ მიზნის აღსრულება დროში გაიწელა და შესაძლებელია დღეს ამ პოლიტიკური გამოწვევების და სოციალური, თუ ბევრი ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემების ფონზე მუზეუმის საკითხზე საუბარი უადგილოა, მაგრამ კოლექცია დღეს იყიდება და ხვალ ალბათ გვიან იქნება.
ამიტომ უნდა ვცადო. თუნდაც იმიტომ, რომ გული არ დამწყდეს და თან შობის ღამეა და ვინ იცის, იქნებ სასწაულიც მოხდეს.
ორი სხვადასხვა ადამიანი ყიდის თბილისთან დაკავშირებულ საკოლექციო ფოტოებსა და ნივთებს, რომელთა ჯამური ფასი არის 5300 $. ამ თანხის დაფარვა მე ამ ეტაპზე არ შემიძლია.
ვინმეს თუ გაგიჩნდებათ სურვილი, რომ თბილისის მუზეუმის შექმნის თანამონაწილე გახდეთ და თქვენთვის სასურველი თანხა ჩარიცხოთ საერთო საქმისთვის, ჩემი ანგარიშის ნომერს (რომელიც მხოლოდ თიბისი-ში მაქვს) კომენტარებში დავდებ.
ვინ იცის, იქნებ ერთად გამოგვივიდეს,” – წერს სოციალურ ქსელში ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი.