
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა მოაწერეს.
დოკუმენტის ხელმოწერამდე მხარეებმა მემორანდუმის და პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, მემორანდუმის მიზანია, მხარეებმა, მათ ხელთ არსებული რესურსის ფარგლებში, ითანამშრომლონ და სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობით ხელი შეუწყონ ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებასა და საარჩევნო პროცესებში აქტიურ მონაწილეობას. ასევე, საარჩევნო პროცესებში ნოვაციებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ახალგაზრდა ამომრჩეველთა, მათ შორის, იმ ახალგაზრდების, რომლებიც პირველად იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ინფორმირებასა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, სასწავლო/საგანმანათლებლო/საინფორმაციო პროგრამებში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას.
ამ თანამშრომლობით ცესკო და ახალგაზრდობის სააგენტო ხელს შეუწყობენ ერთმანეთს, სხვადასხვა პროექტებში ჩართულობის გზით, ახალგაზრდა ამომრჩევლებს ჰქონდეთ წვდომა ზუსტ და კვალიფიციურ ინფორმაციაზე, რაც მისცემს მათ შესაძლებლობას მიიღონ ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს მკაფიოდ გააცნობიერონ საარჩევნო სისტემა, მათი, როგორც ამომრჩევლის უფლებები და ამ პროცესში ჩართულობის მნიშვნელობა. რაც, თავის მხრივ, საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს მარტივად მოახდინონ თანამედროვე არჩევნების გამოწვევებთან ნავიგაცია.
„დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმისთვის რომ ჩვენ გვქონდეს წვდომა ახალგაზრდების დიდ ჯგუფებთან, ბოლო პერიოდში, აქტიურად ვთანამშრომლობთ ახალგაზრდობის სააგენტოსთან. მემორანდუმზე ხელმოწერით კი, ჩვენ ვცდილობთ გავაღრმაოთ ჩვენი თანამშრომლობა და ერთობლივად ჩავერთოთ მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებიც ორიენტირებული იქნება ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაზე“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
თავის მხრივ მსგავსი ტიპის მემორანდუმების მნიშვნელობაზე ისაუბრა ვახტანგ ბააკაშვილმაც. „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდების არსებითი მონაწილეობის ზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, შესაბამისად აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს როგორც ცოდნის ამაღლებას ზოგადად არჩევნების შესახებ, ასევე უზრუნველყოფს ახალგაზრდების ჩართულობას დემოკრატიულ პროცესებში“.
მხარეებმა დოკუმენტს ხელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მოაწერეს. ხელმოწერამდე გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ახალგაზრდობის სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი კოორდინატორი ოთარ ჯავახიშვილი, ცესკოს იურიდიული დეპარატამენტის/აპარატის უფროსი გიორგი სანტურიანი და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან დანგაძე.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ყოველთვის იყო საარჩევნო ადმინისტრაციის ძალისხმევის ქვაკუთხედი. წლების განმავლობაში, საარჩევნო ადმინისტრაცია ღრმად იყო და არის მოწოდებული ახალგაზრდებში საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის კულტურის ხელშეწყობისთვის, საინფორმაციო/საგანმანათლებლო ინიციატივების ფართო სპექტრით, რომელიც სამოქალაქო კულტურის განვითარების და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კომპლექსური ამოცანის შესრულებას ემსახურება.
ამ მიზნით, ადმინისტრაციამ წარმატებით განახორციელა მრავალი ინიციატივა, რომლის ფარგლებში ამჟამადაც, მიმდინარე წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს სამი საინფორმაციო-სასწავლო პროექტის განხორციელება საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში.