ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა CNN-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები თავიანთი ევროპული არჩევანის გამო ისჯებიან.
“საქართველოს ისტორია საკმაოდ რთულია და, სამწუხაროდ, ამ ერთი პატარა, მაგრამ მშვენიერ და კულტურულად და ისტორიულად ძალიან მდიდარ ქვეყანას თავისი არსებობის განმავლობაში უმეტეს შემთხვევაში მშვიდობასა და თავისუფლებას შორის არჩევანის გაკეთება უწევდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი რამ არის ჩვენი ღირებულება და ადამიანის უფლება, რომელიც ნებისმიერ ადამიანს და ქვეყანას უნდა ჰქონდეს. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველო ყოველთვის არჩევანის გაკეთების დილემის წინაშე იდგა და ეს ყოველთვის რთული იყო.
დღეს რასაც ვხედავთ, მტკივნეულია, რადგან ვხედავ, რომ ახალგაზრდა ადამიანები – ქუჩებზე ძირითადად ქართველი ახალგაზრდები დგანან – ისინი რეალურად საქართველოს გულწრფელ, პატიოსან ახალგაზრდა თაობას წარმოადგენენ, რომლებმაც რეალურად თავიანთი არჩევანი გააკეთეს და სურთ, რომ დასავლური სამყაროს ნაწილი იყვნენ. ისინი, უბრალოდ, თავიანთ სურვილს გამოხატავენ, უბრალოდ, აჩვენებენ, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი არჩევანისთვის…
უბრალოდ გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი მოქალაქეები ისჯებიან თავიანთი არჩევანის გამო, თავიანთი სურვილის გამო, რომ საკუთარი აზრი გამოხატონ”, – ამბობს ხატია ინტერვიუში.