ჩვენი მიზანია ბაკურიანი გახდეს საერთაშორისო დონის კურორტი, სრულყოფილი ინფრასტრუქტურით - რევაზ სოხაძე

Primetime.ge 1 დღე წინ 4
ჩვენი მიზანია ბაკურიანი გახდეს საერთაშორისო დონის კურორტი, სრულყოფილი ინფრასტრუქტურით - რევაზ სოხაძე
„დაბა ბაკურიანში, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს, მათ შორის - წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწესრიგებას. ეს სამუშაოები, დროებით, იწვევს დისკომფორტს, რის გამოც ბოდიშს ვუხდით ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს. სახელმწიფოს მხრიდან 200 მილიონ ლარზე მეტი იდება იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას ეს პრობლემა კურორტზე. მკაცრი კლიმატური პირობების გამო სამუშაოების დრო შეზღუდულია, ამიტომ მნიშვნელოვანია, კომპანიებმა ინტენსიურად იმუშაონ, რათა პროექტი დროულად დასრულდეს. ჩვენი მიზანია, ბაკურიანი გახდეს საერთაშორისო დონის კურორტი, სრულყოფილი ინფრასტრუქტურით და განვითარების ახალი პერსპექტივებით“, -განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ბაკურიანში ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ.ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაბა ბაკურიანში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა დაათვალიერა წყალმომარაგებისა და წყალარინების სამუშაოები, საბავშვო ბაღისა და სატრანსპორტო ჰაბის მშენებლობა, ბიატლონის ახალი ტრასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები.გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბაკურიანში სამი პროექტის ფარგლებში ახორციელებს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობას. სამუშაოები ბაკურიანის სრულ არეალს მოიცავს, ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ 15 000-მდე ბენეფიციარი უწყვეტი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებითა და ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. პროექტები 2026 წელს დასრულდება. დაგეგმილია, აგრეთვე, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას.მინისტრმა დაათვალიერა ბიატლონის ახალი ტრასაც, რომელმაც უკვე უმასპინძლა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება 18.2 მილიონ ლარზე მეტია.დაბაში აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე, 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება მორგებული სკოლამდელი ასაკის ბავშვების საჭიროებებზე.რევაზ სოხაძე გაეცნო ცენტრალური სატრანსპორტო ჰაბის მშენებლობასაც, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალურ და ტურისტულ სერვისს გააერთიანებს ერთ სივრცეში.შენობაში განთავსდება ბაკურიანის განვითარების სააგენტო, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სპეციალური ტექნიკის სადგომი, ადმინისტრაციული ოფისები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ჰაბი მოემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე დამსვენებლებს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სატრანსპორტო სისტემის ორგანიზებას მთელ კურორტზე. პროექტის დასრულება 2026 წელს იგეგმება.ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით იწყება ახალი საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობა, რაც უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გადაადგილებას, შეამცირებს ავტოტრანსპორტზე დამოკიდებულებას, განტვირთავს მოძრაობას და ხელს შეუწყობს ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
სრულად წაიკითხეთ სტატია