ჩეხეთის სენატის კომიტეტის რეზოლუცია: საქართველომ „კონსტიტუციური კრიზისის“ მოსაგვარებლად ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროს

Civil Georgia 1 თვე წინ 3
ჩეხეთის სენატის კომიტეტის რეზოლუცია: საქართველომ „კონსტიტუციური კრიზისის“ მოსაგვარებლად ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროს

ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატის, სენატის, საგარეო ურთიერთობების, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა 12 მარტს საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ რეზოლუცია წარადგინა, რომელიც გმობს 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებს, ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევებს და ცალსახად მოუწოდებს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ ნეიტრალური ზედამხედველობით, რაც, რეზოლუციის თანახმად, ერთადერთი გამოსავალია „მძიმე კონსტიტუციური კრიზისიდან“.

კომიტეტმა განაცხადა, რომ ოქტომბრის არჩევნებზე „საზღვარგარეთ მცხოვრებ ასიათასობით მოქალაქეს ხმის მიცემის უფლება წაერთვა“, ხოლო არჩევნების დროს „კენჭისყრის ფარულობის დარღვევას, ზეწოლასა და მუქარას“ ჰქონდა ადგილი. რეზოლუციაში მოყვანილია ეუთო/ოდირის 2024 წლის 20 დეკემბრის ანგარიში, რომელიც არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ არსებით განხილვაში არ მიიღო სალომე ზურაბიშვილის საჩივარი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დროს არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევას ეხებოდა, პარლამენტი „კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა“, რამაც, კომიტეტის თქმით, „პოლიტიკური კრიზისი კონსტიტუციურ კრიზისად“ აქცია. კომიტეტმა აღნიშნა, რომ კრიზისმა გააჩინა „ეჭვები ამჟამინდელი სახელმწიფო ხელისუფლების – „პარლამენტის“, „მთავრობის“, „პრეზიდენტის“ და მათ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილების ლეგიტიმურობის თაობაზე“.  

კომიტეტმა „სინანულით“ აღნიშნა, რომ პროევროპულ აქციებს სისტემატიური დაპატიმრებები და დაშინება მოყვა ფიზიკური ძალადობის გზით, ხოლო ასობით დაკავებული „ქართულმა პოლიციამ აწამა“.

რეზოლუციაში ხაზგასმულია მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ოპოზიციის მასშტაბური დევნა და აღნიშნულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების „მზარდი ზეწოლა“ კრიტიკულად განწყობილ  საჯარო მოხელეებზე და მათი დათხოვნა სამსახურებიდან.

რეზოლუციაში ასევე გაკრიტიკებულია ხელისუფლების ნაბიჯები, რომლებიც უცხოელ პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირთან, თანამშრომლობის კრიმინალიზებას ისახავს მიზნად.

„კონსტიტუციური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა ნეიტრალური ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ხელისუფლების ორგანოების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ და საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუცია ჩეხეთის მთავრობას მოუწოდებს, სხვა საკითხებთან ერთად:

  • მოითხოვოს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საქართველოში;
  • მოუწოდოს ყველა „პოლიტპატიმრის” გათავისუფლებისკენ;
  • მოითხოვოს პოლიციის, სასამართლოების და პროკურატურის მიერ სავარაუდო სამართლებრივი დარღვევების გამოძიება;
  • გააფართოვოს ინდივიდუალური სანქციები იმ პირებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩართულნი არიან რეპრესიებში, მათ შორის პოლიციის თანამშრომლებზე, პროკურორებზე, მოსამართლეებზე, ასევე პროპაგანდისტებსა და ბიზნესმენებზე, რომლებიც მმართველ პარტიას სახელმწიფოს მიტაცებაში ეხმარებიან;
  • დაარეგულიროს თანამშრომლობა განვითარების სფეროში, რათა პრიორიტეტული გახდეს არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება;
  • მნიშვნელოვნად გაზარდოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა.

კომიტეტი რეკომენდაციას აძლევს სენატს ოფიციალურად მიიღოს რეზოლუცია და მოიწვიოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პარლამენტის სესიაზე დასასწრებად.

რეზოლუცია ავალებს ჩეხეთის სენატის პრეზიდენტს, მილოშ ვისტრჩილს, აცნობოს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებს რეზოლუციის შესახებ.

29 იანვარს ჩეხეთმა „საპროტესტო აქციების სასტიკ დარბევებში“ მონაწილეობისთვის სანქციები დაუწესა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) სამ მაღალჩინოსანს: ზვიად ხარაზიშვილს, მირზა კეზევაძეს და ვაჟა სირაძეს  და მათ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია