ჩელენჯ თასი | მეორე მეტოქე – “სქარლეთსი”

News.ge 1 კვირა წინ 14
ჩელენჯ თასი | მეორე მეტოქე – “სქარლეთსი”

“შავი ლომი” ჩელენჯ თასის 2024/25 წლების სეზონის მეორე თამაშს უელსში, ჰლანეჰლიში ადგილობრივ “სქარლეთსთან” 15 დეკემბერს გამართავს და ის საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება.
ქართული ფრენჩაიზი Parc y Scarlets-ზე ზუსტად ერთი წლის შემდეგ ბრუნდება. შარშან, 15 დეკემბერს, “შავმა ლომმა” ჩელენჯ თასზე თავისთვის პირველ სეზონში პირველი, ისტორიული გამარჯვება სწორედ “სქარლეთსთან” გასვლით შეხვედრაში მოიპოვა (23:7).
უელსური ფრენჩაიზი
1995 წელს რაგბის პროფესიულ რელსებზე გადასვლის შემდეგ, სამოყვარულო და ნახევრად სამოყვარულო კლუბები გაერთიანდნენ და პროფესიული ფრენჩაიზები, რეგიონული ნაკრებები შექმნეს, ისე, როგორც ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკასა
და ირლანდიაში.
2003 წელს უელსის უმაღლესი ლიგის 9 გუნდის ბაზაზე ხუთი რეგიონული ფრენჩაიზი (ამჟამად ოთხი) შეიქმნა. გუნდი თავდაპირველად “ჰლანეჰლი სქარლეთსად” იწოდებოდა და დასავლეთ და ჩრდილოეთ უელსს წარმოადგენდა, 2008 წლიდან კი მხოლოდ “სქარლეთსად” იწოდება.
ის დაარსებისთანავე ჩაერთო “კელტების ლიგაში” და პირველსავე, 2003-2004 წლების სეზონში მისი გამარჯვებული გახდა (კელტების ლიგაში 5 უელსური, 4 ირლანდიური და 3 შოტლანდიური ფრენჩაიზი თამაშობდა). 2011 წლიდან ტურნირს პრო 12 ეწოდა და “სქარლეთსი” ჩემპიონი 2017 წელს გახდა, 2018-ში კი ფინალში დამარცხდა.
ცნობისათვის, პრო 12 2017 წელს პრო 14-ად გადაკეთდა, 2021 წლიდან კი რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატად იწოდება და მასში ირლანდიური, უელსური, შოტლანდიური, სამხრეთ აფრიკული და იტალიური გუნდები თამაშობენ.
“სქარლეთსი” 2003 წლიდან ჩაერთო ჩემპიონთა და ჩელენჯ თასში, სადაც საუკეთესო შედეგი ნახევარფინალი ჰქონდა. 2007 და 2018 წლებში ის ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში გავიდა, შარშან წინ კი ჩელენჯ თასის ნახევარფინალში “გლაზგოსთან” დამარცხდა.
გუნდის საშინაო არენა Parc y Scarlets-ი 2008 წლის 15 ნოემბერს გაიხსნა და ის 14 870 მაყურებელს იტევს. მთავარი მწვრთნელი დუეინ პილია, კაპიტანი კი ჯოშ მაკლეოდი, რომელსაც უელსის ნაკრებშიც უთამაშია. მთლიანობაში, შემადგენლობაში მრავლად არიან უელსის ნაკრების მოთამაშეები.
რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში “სქარლეთსმა” 7-იდან 3 თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა, 17 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
ჩელენჯ თასის წლევანდელი სეზონის პირველ ტურში, “სქარლეთსი” “ბაიონას” საფრანგეთში ეწვია და დაძაბულ შეხვედრაში 76-ე წუთზე გაშვებული ჯარიმის გამო 16:17 დამარცხდა. ფრანგებს ერთი ლელო კვაჭმა შონ ევანსმა გაუტანა, მგეზავმა იოან ლოიდმა კი გუნდს 3 ჯარიმითა და 1 გარდასახვით 11 ქულა შესძინა.
Rugby.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია