შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 22 პირი, მათ შორის 12 ნარკორეალიზატორი დააკავა

Civil Georgia 2 თვის წინ 48
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 22 პირი, მათ შორის 12 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21 თებერვალს განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 პირი დააკავეს, მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა“, – აცხადებს შსს.

12 პირი, მათ შორის ხუთი უცხოელი, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე მარიხუანას უკანონო გასაღების, გასაღების მცდელობისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე დააკავეს.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულებია ათი პირი, მათ შორის 5 უცხოელი.

„სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ჰეროინი“, „ბუპრენორფინი“, „ექსტაზი“, „სუბოქსინი“, „მეტადონი“, „ამფეტამინი“, „მეფედრონი“, „ალფა-პვპ“ და „მარიხუანა“ ამოიღეს.“, – განაცხადა შსს-მ.

ამავე ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 261-ე, 18-273-ე პრიმა, 19-273-ე პრიმა და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია