შსს-მ თსუ-სთან მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დაარბია და დააკავა

Civil Georgia 5 თვის წინ 98
შსს-მ თსუ-სთან მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დაარბია და დააკავა

19 ნოემბერს პოლიციამ ძალადობრივად დაარბია 48-საათიანი აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 12 დემონსტრანტი დაკავებულია. დარბევა გამთენიისას დაიწყო. ერთ-ერთი დაკავებული, ტელეკომპანია „მთავარის“ ოპერატორი, დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, 10:12 საათისთვის ორგანიზაციამ 12 დაკავებულის შესახებ მიიღო ინფორმაცია. მათი ადვოკატები ამ დრომდე ცდილობენ რამდენიმე დაკავებულის ადგილსამყოფელის დადგენას. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებების შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

„კოალიციამ ცვლილებისთვის“ განაცხადა, რომ მელიქიშვილის გამზირზე მომხდარი დარბევის დროს პოლიციამ რამდენიმე წევრი, მათ შორის მანუჩარ ჩაჩანიძე და საბა ცხვიტარიძე დააკავა. ასევე დააკავეს კიდევ ერთი წევრი, რეზი დუმბაძე, ხოლო ერთ-ერთ წევრს, ნიკა კვიტატიანს, გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებები წიწაკის სპრეის გამო მიადგა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, აქციის დარბევისას სპეცრაზმის წარმომადგენლებმა ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობას და მედიის რამდენიმე წარმომადგენელი დააკავეს. ორგანიზაციამ აღნიშნა:

  • დღეს, 19 ნოემბერს სპეცდანიშნულების წევრები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ OC Media ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძეს;
  • სამართალდამცველები გადაღების შესაძლებლობას არ აძლევდნენ Netgazeti კორესპონდენტს გივი ავალიანს;
  • ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების პროცესში დააკავეს მთავარი არხი • Mtavari Arkhi ოპერატორი სერგი ბარამიძე;
  • სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პუბლიკა • Publika ჟურნალისტს მინდია გაბაძეს

მედიაომბუდსმენი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეაჩეროს მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა; ის ასევე მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა შსს-ს ქმედებები დაგმეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, უზრუნველყოს მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობა, ასევე შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა  და მისცეს მათ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ და სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პოლიცია „უხეშად არღვევს მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს“. „მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმოქმედოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. არ დაემორჩილონ მმართველი პარტიის უკანონო დავალებებს და იმოქმედონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება საქართველოს სახალხო დამცველმაც გაავრცელა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ როდესაც სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე ადამიანების დაკავება დაიწყეს, „აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში“. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ „ამ დროს მოქალაქეებზე პოლიციის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდა  არასათანადო მოპყრობას თუ ძალის გადამეტების ფაქტებს“.

„სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს აქციის მონაწილეთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, ხელი არ შეუშალონ ჟურნალისტებს საქმიანობის განხორციელებაში, ხოლო, დაკავების ღონისძიებებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისას იხელმძღვანელონ აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმების მკაცრი დაცვით. ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოიძიოს ჟურნალისტთა/აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ თითოეული შესაძლო დანაშაულის ნიშნების მქონე შემთხვევა და მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება“, – ნათქვამია განცხადებაში.

სრულად წაიკითხეთ სტატია