
შვეიცარიის EPFL-ის ჭკვიანი სისტემების ლაბორატორიასა და იტალიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა ე.წ. რობოტორტი შექმნეს.
როგორც სახელიდანაც ჩანს, ესაა ტორტი, რომლის სიროფის, ჟელატინისა და მინანქრის ქვეშაც რობოტიკის ტექნოლოგიაა ჩაშენებული, თუმცა ის მაინც იჭმევა. ამავდროულად, ეს გასაოცარი დესერტი ცეკვავს, ანათებს და საკვებად ვარგის ელემენტებზე მუშაობს. მის დასამზადებლად სპეციალისტებმა შეფ-მზარეულები და კვების ტექნოლოგები დაიხმარეს, თავად ტორტი კი ოსაკას ექსპო 2025-ზეა წარმოდგენილი.
მის ცენტრში ორი დათუნიაა — ტკბილი და რბილი, ბროწეულის არომატით. ისინი ჟელატინის, სიროფისა და საღებავებისგანაა შექმნილი. მათი თავები და ხელები შიდა პნევმატიკური სისტემების დახმარებით მოძრაობს, როცა იქიდან აირის ნაკადები სათანადო არხების გავლით გარეთ იტყორცნება.
“რობოტიკა და საკვები ორი განსხვავებული რამაა, მაგრამ მათი გაერთიანებით სარგებელს ვიღებთ, განსაკუთრებით საკვებისა და ელექტრონული ნარჩენების შემცირების კუთხით”, — აცხადებენ სპეციალისტები.
ტორტში არსებული დატენვადი და საკვებად ვარგისი ელემენტები ვიტამინ B2-ისგან, კვერცეტინისგან, აქტიური ნახშირბადისგან და შავი შოკოლადისგანაა დამზადებული. ასეთი ინგრედიენტების გამო მისი ჭამა სრულიად უსაფრთხოა, თანაც საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ტორტზე დამაგრებული LED სანთლები აანთოს.
“პირველად შავი შოკოლადის გემო იგრძნობა, შემდეგ კი საკვები ელექტროლიტის მკვეთრი არომატი. ეს მოულოდნელია და მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში იგრძნობა, მაგრამ მუშაობს”, — ამბობენ მეცნიერები.
შესაძლოა, ამგვარი ელემენტები უფრო დიდი პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმაროს, როგორიც ელექტრონული ნარჩენებია. მათი წონა ყოველწლიურად 40 მილიონ ტონას აღწევს. ასეთი სენსორები, რობოტი სისტემები და სხვა მოწყობილობები ახალი ტექნოლოგიით შეიძლება შექმნას და არა მხოლოდ ბიოდეგრადირებადი, არამედ გემრიელიც იყოს. ასევე, მსგავსი რობოტებით საშუალება მოგვეცემა, რომ საკვები კატასტროფის ადგილებში მყოფ მოსახლეობამდე მივიტანოთ, გართულებული ყლაპვის მქონე პაციენტებს საჭირო ნივთიერებები მივაწოდოთ და ა.შ.
· გადახედვა ისტორია არქეოლოგებმა, სავარაუდოდ, ალექსანდრე მაკედონელის ბებიის დაბადების ადგილი აღმოაჩინეს არქეოლოგებმა, სავარაუდოდ, ალექსანდრე მაკედონელის ბებიის დაბადების ადგილი აღმოაჩინეს
· გადახედვა მედიცინა კანაფის მოხმარება ფსიქოზს იწვევს? — ტვინში ამის სავარაუდო დასტურს მიაგნეს კანაფის მოხმარება ფსიქოზს იწვევს? — ტვინში ამის სავარაუდო დასტურს მიაგნეს