„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა თავის საკონსულტაციო კომპანია Reformmatics-თან ერთად შეიმუშავა და წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც საქართველოს განვითარების ხედვას და რეფორმების გეგმას ასახავს. დოკუმენტი, სახელწოდებით „მესამე რესპუბლიკა“, რომელიც 23 ოქტომბერს გამოქვეყნდა, წარმოადგენს გეგმას საქართველოს საგარეო და შიდა უსაფრთხოების მისაღწეევად, მოსახლეობის კეთილდღეობის მაღალი დონისა და ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის ჩათვლით. ამ მიზნის მისაღწევად უაღრესად მნიშვნელოვანია „ქართული ქარტიის“ პრინციპები და ამ დოკუმენტის ირგვლივ პროდასავლური ძალების გაერთიანება, ნათქვამია დოკუმენტში.
100-გვერდიანი დეტალური გეგმის შესავალ ნაწილში ახსნილია დოკუმენტის სათაური, და ნათქვამია, რომ პირველი რესპუბლიკა ჩამოყალიბდა 1918 წლის 26 მაისს და ის გაუქმდა საბჭოთა რუსეთის მიერ ანექსიის პირობებში 1021 წლის 25 თებერვალს. საქართველოს მეორე რესპუბლიკა ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შედეგად 1991 წლის 9 აპრილს და ის დღემდე არსებობს. „სამწუხაროდ, ორივე ზემოთ აღნიშნული პერიოდის განმავლოვაში საქართველოს უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა რუსეთის ძალმომრეობითი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი – ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, საგარეო ვექტორის კონტროლის სურვილი და პროდასავლური რეფორმების ხელშეშლის მცდელობა“, ნათქვამია დოკუმენტში. გეგმის თანახმად, საქართველოს მესამე რესპუბლიკა ჩამოყალიბდება მაშინ, როდესაც საქართველო:
- ჩამოშორდება რუსეთის ორბიტას და ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება არა მხოლოდ შიდა ძალებით, არამედ აშშ-სთან და ევროპულ ქვეყნებთან ხელმოწერილი თავდაცვითი შეთანხმებების გაფორმებით და ნატოში ინტეგრაციით;
- გახდევა ევროპული ოჯახის წევრი ევროპული ინსტიტუტებით – იქნება გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვა, თავისუფალი სასამართლო, სრულად გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები, თავისუფალი მედია, უზრუნველყოფილი იქნება ხელისუფლების სამივე შტოს (საკანონმდებლო – აღმასრულებელი – სასამართლო) ურთიერთბგალანსის და ურთიერთკონტროლის პრინციპი;
- გახდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა;
- აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინელი ხალხის თავდადებამ, რუსეთის საერთაშორისო იზოლაციამ, დასავლეთის ერთიანობამ და ევროპის მიერ გაღებულმა კარმა გააჩინა ის შანსი, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს. „ამ შესაძლებლობის არგამოყენება ათწლეულებით და შესაძლოა კიდევ ერთი საუკუნით დაუკარგავს პერსპექტივას საქართველოს, გახდეს სრულუფლებიანი, გაერთიანებული, დამოუკიდებელი და გამდიდრებული ევროპული ქვრეყანა. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა ამ შანსის ხელიდან არგაშვება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტი მოიცავს თავებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და „ქართული ქარტიის“, მაკროეკონომიკური რეფორმების, საქართველოს ჰაბ-ეკონომიკად ტრანსფორმაციის, მართლმსაჯულების რეფორმის, ეფექტური მმართველობისა და მცირე მთავრობის, მიმზიდველი ბიზნეს გარემოს, სექტორული რეფორმებისა და სოციალური და განათლების რეფორმების შესახებ.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ წინამდებარე დოკუმენტში შემოთავაზებული რეფორმები, სრულად და თანმიმდევრულად განხორციელების შემთხვევაში, „მოგვიტანს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, 2029 წლამდე ჩვენი ქვეყნის მაღალშემოსავლიან ეკონომიკად გადაქცევას, სიღარიბისა და უმუშევრობის თითქმის 80%-იან შემცირებას და საფუძველს ჩაუყრის საქართველოს მესამე რესპუბლიკის ჩამოყალიბებას“.
მესამე რესპუბლიკისადმი მიძღვნილ სატელევიზიო გადაცემაში საუბრისას, ნიკა გილაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია საქართველომ გააგრძელოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი „მესამე რესპუბლიკის“ დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.
დოკუმენტის გამოქვეყნებას წინ უძღოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის საჯარო ლექცია, სადაც მან ისაუბრა მის ხედვაზე საქართველოს როგორც პლატფორმის/ცენტრის შესახებ, რომელიც აკავშირებს ცენტრალური აზიის რესურსებით მდიდარ ქვეყნებს ევროპასთან; ასევე, იმ შესაძლებლობებზე, რასაც ასეთი ჰაბის შექმნა სთავაზობს საქართველოს, ევრაზიასა და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრების კონტექსტში. ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია და მას დიდი რაოდენობით ახალგაზრდები დაესწრნენ.
ნიკა გილაური დამოუკიდებელი საკონსულტაციო ფირმის Reformmatics-ის მმართველი პარტნიორი. კომპანია 2012 წლიდან მუშაობს 20-ზე მეტ მთავრობასთან მთელს მსოფლიოში. გილაური იყო ენერგეტიკის მინისტრი (2004-2007), ფინანსთა მინისტრი (2007-2009) და პრემიერ-მინისტრი (2009-2012 წწ.). მის სახელს უკავშირდება ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული ეფექტური რეფორმები, რამაც საშუალება მისცა საქართველოს დაესრულებინა რუსეთზე დამოკიდებულება და ელექტროენერგიის ექსპორტიორი გამხდარიყო მეზობლებისთვის. მთავრობაში ყოფნის პერიოდში გილაური ასევე ხელმძღვანელობდა რეფორმებს ენერგეტიკის სექტორში, ფისკალურ პოლიტიკაში, ჯანდაცვაში, საბაჟოებში, განათლებასა და ეკონომიკური განვითარების სხვა სფეროებში. მან წვლილი შეიტანა საქართველოს საერთო ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების საქმეში.