ონლაინ მედიასაშუალება „ნეტგაზეთმა“ 16 ოქტომბერს ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც საქართველოს წევრობა ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP) შეჩერებულია, რაც გამოცემას მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ შეჩერების შესახებ შეტყობინება დღეს მიიღო.
შეჩერებას წინ უძღოდა ხელისუფლების მიერ OGP-ის ვალდებულებების შეუსრულებლობა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მრავალრიცხოვანი მოწოდებები ამ ვალდებულებების პატივისცემის თაობაზე. OGP-მ საქართველო შეჩერების შესახებ მიმდინარე წლის მაისში გააფრთხილა, „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ხელახალ ინიცირებასთან დაკავშირევით, და ხაზი გაუსვა, რომ „OGP-ის ღირებულებებისა და პრინციპების უგულებელყოფა შესაძლოა პარტნიორობის წევრობის შეწყვეტით დასრულდეს“. ამავე განცხადებაში ორგანიზაციამ საქართველოს ხელისუფლებას 30-დღიანი ვადა მისცა პრობლემების გადასაჭრელად.
ღია მმართველობის პარტნიორობა 2011 წელს დაარსდა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში. დღეს ის 75 წევრ სახელმწიფოსა და ათასობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას აერთიანებს. ორ წელიწადში ერთხელ, წევრი ქვეყნები OGP-ს სამოქმედო გეგმას წარუდგენენ, რომელიც სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობითაა შემუშავებული და რომელშიც ხელისუფლების კონკრეტული ვალდებულებებია ასახული. საქართველო 2012 წლიდან OGP-ის წევრი, ხოლო 2014 წლიდან მმართველი კომიტეტის წევრია. 2020 წლის მდგომარეობით, საქართველომ ოთხი სამოქმედო გეგმა განახორციელა.
ასევე წაიკითხეთ:
- 11/06/2024 – „აგენტების“ კანონის გამო არასამთავრობო ორგანიზაციები ღია მმართველობა საქართველოს საბჭოს და სამუშაო ჯგუფს ტოვებენ
- 25/12/2023 – ღია მმართველობა საქართველოს საკოორდინაციო საბჭომ 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის პროექტს მხარი დაუჭირა
- 04/05/2023 – არასამთავრობოები ღია მმართველობის პარტნიორობას რეაგირების პოლიტიკის პროცესის ამოქმედებისკენ მოუწოდებენ
- 28/02/2023 – OGP საქართველოს შეამოწმებს