
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქუთაისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დაასრულა – ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
„პროექტის შედეგად ქალაქს შეემატა კეთილმოწყობილი, მრავალფუნქციური და სრულად განახლებული დასასვენებელი სივრცე.
რეაბილიტაციის პროცესში შენარჩუნდა პარკის ისტორიული გეგმარება, ხოლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდა, რეგიონისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტების გათვალისწინებით.
მოეწყო წყალმომარაგების, წყალარინების, სადრენაჟე და ავტომატური სარწყავი სისტემები, დამონტაჟდა ენერგოეფექტური განათების ბოძები, განახლდა არსებული და მოეწყო ახალი შადრევანი. დასრულდა ისტორიული კოლონადების რესტავრაცია, დამატებითი გამწვანება დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად, მოეწყო მედიათეკა. ასევე, პარკის ქვედა ნაწილში შეიქმნა ახალი რეკრეაციული ზონა – „ვარდების ხეივანი“, ხოლო პარკის ცენტრალურ ნაწილში მოეწყო „გვირილების მოედანი“.
ქუთაისის ცენტრალური პარკი გასული საუკუნის დასაწყისიდან არა მხოლოდ ქალაქის მთავარი სასეირნო სივრცე იყო, არამედ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.