ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განცხადება

Primetime.ge 7 საათი წინ 10
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განცხადება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ეხმიანება ზოგიერთ მედია საშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ სიახლე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით ინერგება, წარმოჩენილია დეზინფორმაციულ კონტექსტში, რაც სრულიად შეგნებულად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. საყოველთაოდ ცნობილია, რომ KIU მაღალი ხარისხის ევროპული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და მუდმივად ორიენტირებულია ინფრასტრუქტურის, აკადემიური გარემოსა და სტუდენტური სერვისების გაუმჯობესებაზე. სწორედ განვითარების ნაწილია უნივერსიტეტში სტუდენტური საცხოვრებლის განახლებული საფასო პოლიტიკის დანერგვა, რომელიც მომავალ წელს, 2026 წლის გაზაფხულის სემესტრიდან ამოქმედდება.  ცვლილებების ამოქმედებამდე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ღიაა დიალოგისთვის და მუდმივად მზად არის უპასუხოს სტუდენტთა თითოეულ შეკითხვას, მოისმინოს მათი მოსაზრებები და რეკომენდაციები, განიხილოს მათი საჭიროებები და იმუშაოს შესაძლო გადაწყვეტილებებზე, რომლებიც უკეთესი და მრავალფეროვანი სტუდენტური გამოცდილების შექმნას შეუწყობს ხელს.  ხაზგასმით აღვნიშნავთ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საცხოვრებელ კამპუსებში მოქმედი ტარიფები 5 წლის წინ , იმ დროისთვის არსებული საბაზრო ფასების ანალიზის საფუძველზე დადგინდა. ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირებისა  და ხარისხიანი საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნებისთვის, ისევ და ისევ ბაზრის ანალიზზე  დაყრდნობით შემუშავდა დაბალანსებული, ყველაზე ოპტიმალური ახალი საფასო მოდელი, რომელიც იმ მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურასა და მომსახურებებს ისახავს მიზნად, რომელსაც სტუდენტები ყოველდღიურად იყენებენ.  უმნიშვნელოვანესია ის გარემოება, რომ  უნივერსიტეტში მოქმედებს „ბაკალავრიატის სტუდენტური გრანტების ფონდი“, რომლის ფარგლებში, სხვადასხვა კატეგორიაში გაიცემა სწავლისა და საცხოვრებლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება, ასევე ყოველთვიური სტიპენდიები. გრანტები მოიცავს როგორც აკადემიურ და სოციალურ მიმართულებებს, ასევე თანადაფინანსებისა და ინსტიტუციურ კატეგორიებს. მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია ასევე რექტორისა და აკადემიური სტიპენდიები.  უნივერსიტეტი ყოველი ახალი სასწავლო წლისთვის უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო საგრანტო დაფინანსებას, რათა ყველა სტუდენტისთვის ხელმისაწვდომი იყოს „ბაკალავრიატის სტუდენტური გრანტების ფონდიდან“ გრანტის მიღება. ამასთან, გაიზარდა GPA-ს მოთხოვნა, რაც მიზნად ისახავს სტიპენდიების მინიჭებას განსაკუთრებით მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის მათი მოტივაციის კიდევ უფრო მეტად გაზრდის და სწავლის ხარისხის ამაღლების მიზნით. ასევე ხაზგასასმელია, რომ KIU-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი საუნივერსიტეტო კამპუსია, რომელიც მოიცავს თანამედროვე სასწავლო და საცხოვრებელ კორპუსებს, ბიბლიოთეკას, საკონფერენციო სივრცეებს, კაფეტერიებს, სპორტულ მოედნებსა და რეკრეაციულ ზონებს. სტუდენტური საცხოვრებელი აღჭურვილია ერთი და ორადგილიანი ოთახებით, აუდიტორიებით, სპორტული დარბაზით, კინო და მუსიკალური ოთახებით, ჭადრაკის კლუბით, სარეცხი და საშრობი ზონებით. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი და ექიმის კაბინეტი. ზემოჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა KIU-ს ყველა სტუდენტისთვის უფასოა. ისინი გათავისუფლებულნი არიან ყველა კომუნალური გადასახადისგან და უზრუნველყოფილი არიან უფასო Wi-Fi-ით.
სრულად წაიკითხეთ სტატია