ქირაზე ფასების კლების გაგრძელება მოსალოდნელი არაა, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში – Sakura Properties

News.ge 15 საათი წინ 2
ქირაზე ფასების კლების გაგრძელება მოსალოდნელი არაა, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში – Sakura Properties

უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ მიუხედავად მიგრაციის ეფექტის ამოწურვისა, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა სტაბილურად ნარჩუნდება.
როგორც Sakura Properties-ის დამფუძნებელმა BMG-ის განუცხადა, დედაქალაქის რიგ უბნებში მაინც ფიქსირდება გასაქირავებელი ბინების დეფიციტი. რაც შეეხება შემდგომში ქირის ფასების დინამიკას, ვიქტორია საკუროვა ამბობს, რომ ამ ეტაპზე ეს ნაკლებად მოსალოდნელია.
თუმცა მისივე თქმით, ქირის ფასის მცირედი კლება მხოლოდ იმ ცალკეულ უბნებში შეიძლება დაფიქსირდეს, სადაც შესაძლოა, მომავალში უძრავი ქონების ჭარბი მიწოდება იყოს.
„ქირის ფასმა უკვე მიაღწია კონკრეტულ ნიშნულს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ უნდა ველოდოთ საწყის ნიშნულამდე ფასების კლებას. ვერ ვხედავთ, მიზეზს, რატომ უნდა გააგრძელოს [ქირის ფასმა] ქვევით სვლა. შესაძლოა, მომავალში, როდესაც ბაზარზე გამოვა ბევრი გასაქირავებელი ბინა, განსაკუთრებით დიდ დიღომში, კიდევ ოდნავ შესაძლებელია, ქვევით წავიდეს ქირის ფასები. ეს იმ უბნებს ეხება, სადაც ჭარბი მიწოდება შეიძლება გვქონდეს.
ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფასები პირველად ნიშნულს დაუბრუნდება. თუმცა ვაკე-საბურთალოს რაც შეეხება, მთაწმინდას და ჩუღურეთს, ამ უბნებში ვერ ვხედავთ დიდად ფასების კლებას, შეიძლება საწყის ეტაპზე მიგრაციის ნაკადის შემცირების შედეგად, რაღაც პატარა კლება დავინახეთ, თუმცა ამ უბნებში დღეს გვაქვს გასაქირავებელი ბინების დეფიციტი და ძალიან რთულია მოძებნო, თუნდაც ერთ საძინებლიანი ბინა ახალ კორპუსში ნორმალურ ღირებულებაში“, – განაცხადა ვიქტორია საკუროვამ.
ცნობისთვის, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირა კლების ტენდენციას აგრძელებს. ივნისში დედაქალაქში ბინების საშუალო გასაქირავებელი ფასი წლიურად 11%-ით შემცირდა და 1 კვ.მეტრზე 10.4 დოლარი შეადგინა.

სრულად წაიკითხეთ სტატია