„ქართულმა ოცნებამ“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ დაარეგისტრირა, რომელიც განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მანამდე განაცხადა, რომ კანონპროექტი აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) „ზუსტი ასლია“. პარლამენტის პრესრელიზის თანახმად, კანონპროექტი შეერთებულ შტატებში დღეს მოქმედი საკანონმდებლო აქტის ქართულენოვან თარგმანს წარმოადგენს.
„ამ საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენით, ნებისმიერი ყალბი, ცრუ ნარატივი, რომელსაც შიგნიდან თუ გარედან ავრცელებდნენ ქართულ კანონებთან დაკავშირებით, დასრულებულია“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. „შესაბამისად, დასრულდება ნებისმიერი სპეკულაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება“.
კანონი აშკარად სიტყვასიტყვით თარგმეს და აშშ-ისთვის სპეციფიკურ ისეთ ტერმინებს შეიცავს, როგორიცაა „კონგრესი“, „კონგრესის ბიბლიოთეკა“, „სახელმწიფო დეპარტამენტი“, „აშშ-ის პრეზიდენტი“ და სხვა.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა, რომ „კანონის აღსრულების პროცესში მონაწილე სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც აშშ-ში არის ამ კანონისთვის გათვალისწინებული, ქართულ რეალობასთან ერთგვარად შეუსაბამოა. მაგალითად საქმე ეხება კანონპროექტში მოხსენიებულ ორგანოს: კონგრესს, კონგრესის ბიბლიოთეკას, სახელმწიფო დეპარტამენტს, იუსტიციის დეპარტამენტს, ხაზინის მდივანს, შტატების პრეზიდენტს და ა.შ”.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განმარტებით, დამატებით მთელ რიგ კანონებში საჭირო გახდება ცვლილებების შეტანა, რათა განისაზღვროს ის ორგანოები, რომლებიც საქართველოს რეალობიდან გამომდინარე პასუხისმგებელი იქნებიან კანონის აღსრულებაზე.
უცხოელი აგენტების შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტში ადრე ორჯერ შევიდა. 2023 წელს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პროტესტისა და პოლიტიკური წინააღმდეგობის შემდეგ მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია, თუმცა, 2024 წლის გაზაფხულზე, ის ხელახლა დააინიცირა და საბოლოოდ, ფართომასშტაბიანი პროტესტის მიუხედავად, რასაც დემონსტრანტების მიმართ გადაჭარბებული ძალის გამოყენება მოყვა, ის მაინც მიიღო.
2023 წლის თებერვალში „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მთლიანად შესაბამისობაშია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, და განსხვავებით ამერიკული და რუსული კანონებისგან, ითვალისწინებს „გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს“.
ჯერ კიდევ 2023 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ პირველად დააინიცირა აგენტების კანონი, ირაკლი კობახიძემ ამერიკულ FARA-ს „სრული კატასტროფა“ უწოდა: „პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, როგორც იურისტმა, ადამიანის უფლებების სპეციალისტმა, რომ ამერიკული კანონი არის სრული კატასტროფა, ჩვენ ასეთი კანონის მიღებას საქართველოს პარლამენტში ნამდვილად ვერ ვიკადრებდით“.
ასევე წაიკითხეთ:
- 03/02/2025 – „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს აინიცირებს
- 17/05/2024 – ექსპერტები: „უცხოელი აგენტების“ შესახებ მიღებული კანონი ორიგინალისგან განსხვავდება და პერსონალურ ჯარიმებს ითვალისწინებს
- 17/04/2024 – „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა
- 11/04/2024 – ამერიკული FARA და „უცხოელი აგენტების“ შესახებ ქართული კანონი: სამი ძირითადი განსხვავება