„ქართული ოცნების“პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთს სტუმრობს

Civil Georgia 2 თვის წინ 45
„ქართული ოცნების“პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთს სტუმრობს

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დელეგაციის თანხლებით ყაზახეთში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში კობახიძემ თავის ყაზახ კოლეგასთან ოლჟას ბეკტენოვთან რიგ საკითხებზე, მათ შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე მოლაპარაკებები გამართა. „ქართული ოცნების“ მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართა გაფართოებული მოლაპარაკებები, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებმა შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კობახიძის შეხვედრა ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან.

გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ყაზახეთში არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობებისა და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას ეხებოდა, არამედ საქართველოს „ისტორიული ფუნქციის“ აღდგენასაც. „ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომ მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას მისი ისტორიული ფუნქცია, ეს არის დაკავშირებადობის ფუნქცია, სატრანზიტო ფუნქცია“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

შეხვედრა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან ოლჟას ბეკტენოვთან

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კობახიძემ და მისმა ყაზახმა კოლეგამ ოლჟას ბეკტენოვმა პირისპირ შეხვედრა გამართეს, სადაც რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობა და სამთავრობათაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის როლი ორმხრივი ურთიერთობების ხელშეწყობაში. მათ ასევე განიხილეს ექსპორტის მოცულობის გაზრდის გეგმები. პრესრელიზის თანახმად, მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა, რომელიც 2024 წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა.

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში

საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა „ტურიზმისა და საინვესტიციო სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე“. საუბარი შეეხო ყაზახური ენერგორესურსების ტრანსპორტირების მოცულობის ზრდის პერსპექტივებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების მეშვეობით.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „საქართველო მიესალმება ყაზახური ენერგორესურსების, კერძოდ, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების ზრდის პერსპექტივებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების მეშვეობით”.

მან ასევე განაცხადა, რომ „ტრანზიტი და ტრანსპორტი ჩვენი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი სფეროებია“. კობახიძის თქმით, „ყაზახეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული და სწრაფად მზარდი ტურისტული ბაზარია“. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და მიესალმება ყაზახ ინვესტორებს.

„საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი გახდა შუა დერეფნის პროექტის განხორციელება. შესაბამისად, ამ მარშრუტის გამოყენებით ხორციელდება სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვები ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით და პირიქით“, – განაცხადა კობახიძემ. „მიზანშეწონილია ძალისხმევის გააქტიურება შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, იყოს დამაკავშირებელი რგოლი ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ასევე ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. დაკავშირებადობის საერთაშორისო მარშრუტები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვიქცეთ ევროპასა და აზიას შორის ციფრულ ცენტრად“.

„საქართველო არის ყაზახეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი. ამ მხრივ აღსანიშნავია პოზიტიური ტენდენციები ინვესტიციების მხრივ“, – განაცხადა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა. „ყაზახმა მეწარმეებმა განახორციელეს დაახლოებით 620 მილიონი  დოლარის ოდენობის ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა ჩვენი საინვესტიციო პარტნიორობის შემდგომი განმტკიცება და ბიზნესისთვის პირობების გაუმჯობესება“. მან გამოთქვა რწმენა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი დივერსიფიკაციის დიდი პოტენციალი არსებობს. „ყაზახეთის მტკიცე გადაწყვეტილებაა რეგიონული დაკავშირებადობის გაფართოება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის და პირობების სისტემატური გაუმჯობესება“, – დასძინა მან.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია