„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც დელეგაციის თანხლებით 30 იანვარს სომხეთში ჩავიდა, პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების „სტრატეგიულ მნიშვნელობას“. ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.
„ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობას. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დიალოგს და წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში, რაც აუცილებელია ქვეყნების შემდგომი განვითარებისთვის“, – ნათქვამია ადმინისტრაციის პრესსრელიზში.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-14 სხდომა „ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაფართოებას და ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისებას“.
საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილის შეხვედრა სომეხ კოლეგასთან
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა, სადაც მხარეებმა „აღნიშნეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა“. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, ხაზი გაესვა, რომ საქართველო-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციამ „ორ ქვეყანას შორის არსებული გამორჩეული ურთიერთობა და თანამშრომლობა თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანა“.
შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ და სავაჭრო პარტნიორობაზე და ტურიზმის მაჩვენებელზე, რომლის თანახმადაც „სომხეთი მესამე ადგილზეა საქართველოში ვიზიტორებს შორის“. ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში, რომელიც „მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის განვითარებისა და რეგულარული დიალოგის კიდევ ერთ საშუალებას წარმოადგენს“.
შეხვედრის შემდეგ ვიზიტს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა, რომელმაც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ „საქართველოს ჭეშმარიტი პარტნიორობა სომხეთთან ჩვენს ევროპულ გზაზე ხელჩაკიდებული სიარულია. ეს არის საერთო უალტერნატივო სტრატეგია, რათა ჩვენი ქვეყნებისთვის მშვიდობას, დემოკრატიას და კეთილდღეობას მივაღწიოთ“.
საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა
„ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ, განიხილეს სხვადასხვა სექტორში ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა. „ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით შექმნილი შესაძლებლობების ათვისებას, მსხვილ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე ტურიზმის, ციფრული ეკონომიკისა და სატრანზიტო დერეფნისა განვითარების მნიშვნელობას“.
შეხვედრაზე კობახიძემ ხაზი გაუსვა „გამორჩეულ მეგობრობას“, რომელიც ორ ქვეყანას „აკავშირებს“და საქართველოს მზადყოფნას „ხელი შეუწყოს და წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამკვიდრებაში“. კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველო და სომხეთი „მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“. იგი ასევე მიესალმა იმ ფაქტს, რომ საქართველო მიმზიდველი ადგილია სომეხი ტურისტებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიონი სომეხი სტუმრობს.
ამავე ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან წარმატებულ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების დიდ პოტენციალს. ფაშინიანმა ხაზი გაუსვა ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და განაცხადა: „ჩვენ გვაქვს კარგი გაგება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა“. „დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელი ყველა ჩვენი ძალისხმევის და ერთობლივი ინიციატივების შედეგად იქნება ახალი ამბიციური პროექტების დასაწყისი“, – აღნიშნა მან.
„შეგვიძლია, ერთობლივი ნაბიჯები გადავდგათ იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავამარტივოთ დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი, რაც გაზრდის როგორც მგზავრების მიმოსვლას, ასევე საქონელბრუნვას და გვექნება საშუალება, რომ იურიდიული და საკანონმდებლო ურთიერთობები დავხვეწოთ ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც შექმნის უფრო გამარტივებულ შესაძლებლობებს ბიზნესტრანზაქციების და ოპერაციების განსახორციელებლად”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-14 სხდომის ოქმს.
ასევე წაიკითხეთ:
- 16/09/2024 – სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს სტუმრობს
- 02/09/2024 – სომხეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს ესტუმრა
- 27/01/2024 – პრეზიდენტი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ „არ მიეცა შესაძლებლობა“ შეხვედროდა ფაშინიანს
- 12/01/2023 – ერევანში საქართველოსა და სომხეთის პრემიერები შეხვდნენ