„ქართული ოცნების“ პარლამენტმა ცესკოს წევრები აირჩია

Civil Georgia 2 თვის წინ 32
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა ცესკოს წევრები აირჩია

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ოთხი წევრი ხელახლა აირჩია. გიორგი ძაგანიამ, დიმიტრი ჯავახაძემ და გიორგი ჭიქაბერიძემ 83 ხმა მიიღეს, ხოლო გიორგი ჯავახიშვილმა – 84 ხმა.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის პრესრელიზის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ წარმოდგენილი კანდიტატების არჩევის შედეგად „ცენტრალური საარჩევნო კომისია პროფესიული წევრებით სრულად დაკომპლექტდა“.

ცესკოს ახლა სულ 10 წევრი ჰყავს, მათ შორის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით (მუხლი 10), ცესკო შედგება არაუმეტეს 17 წევრისგან. მათგან 7 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი ან ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს ნიშნავენ პარტიები. ცესკოს წევრობის კანდიდატს  საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამ მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად. ცესკოს წევრობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შეირჩევა ღია კონკურსით და ისინი 5 წლის ვადით აირჩევიან.

ვინ ვინ არის

გიორგი ძაგანია ცესკოს წევრია 2020 წლის თებერვლიდან. ის საარჩევნო ადმინისტრაციაში 2008 წლიდანაა ჩართული. ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა, მათ შორის იყო იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის და საარჩევნო დავების  განყოფილების უფროსი (2008-2018) და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი (2018-2020). ცესკოს ინფორმაციით, ძაგანია საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით ჩართული იყო არაერთ სადამკვირვებლო მისიაში, მათ შორის 2019 წელს ის დააკვირდა მოლდოვას რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებს, 2018 წელს კი კორეის რესპუბლიკაში, სეულში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებს. 2012 წელს იყო ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის (OSCE/ODIHR) გრძელვადიანი დამკვირვებელი სომხეთის რესპუბლიკაში, საპარლამენტო არჩევნებზე. 2011 წელს გავლილი აქვს ეუთოს (OSCE/ODIHR) ორგანიზებით ჩატარებული ტრენინგ კურსი გრძელვადიანი დამკვირვებლებისათვის.

დიმიტრი ჯავახაძე ცესკოში 2014 წლის დეკემბრიდან მუშაობს. მას აქვს ივანე ჯავახიშვილის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი. ჯავახაძე 2019 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2007-2014 წლებში იყო ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 2006-2007 წლებში – ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი.

გიორგი ჭიქაბერიძე ცესკო-ს წევრია 2015 წლიდან. მანამდე იგი  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე იყო (2013-2015), ამავე ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი/ადვოკატი (2006-2013 წწ.) და ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი (2003-2014) საქართველოში ჩატარებულ სხვადასხვა არჩევნებზე.

გიორგი ჯავახიშვილი 2015 წლის თებერვლიდან არის ცესკოს მდივანი. მანამდე, 2013–2015 წლებში იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე, 2012–2013 წლებში – ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორი. 2007–2012 წლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი. 2006–2007 წლებში იყო შ.პ.ს „კონტრასტის“ დირექტორი. ასევე, 2006–2007 წლებში – თბილისის მერიის შ.პ.ს „მეტროს“ იურისტი. გიორგი ჯავახიშვილი 2005–2006 წლებში ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა.

2024 წლის 4 ნოემბერს, ადგილობრივმა სადამკვირვებლო მისიამ „ჩემი ხმა“ მოუწოდა  პროკურატურას, გამოძიება ჩაატაროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების მიმართ, რომლებიც, სავარაუდოდ, ფართომასშტაბიანი გაყალბების სქემაში იყვნენ ჩართულნი. მისიის წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი შარაბიძემ, ასევე ცესკოს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა არჩევნების გაყალბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს. „ჩემი ხმა“ აცხადებდა, რომ მათ დაარღვიეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი, რაც სამსახურებრივ გულგრილობას ეხება.


2024 წლის 20 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა ქვეყნის საარჩევნო კოდექსში სადავო ცვლილებებს, რომლითაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და პროფესიული ნიშნით წევრების არჩევის პროცედურა იცვლება. ცვლილებებით ასევე უქმდება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლისთვისაა განკუთვნილი. ახალი კანონით, ცესკოს თავმჯდომარეს და პროფესიული ნიშნით წევრებს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს. მართალია პრეზიდენტმა ცვლილებებს ვეტო დაადო, მმართველმა უმრავლესობამ ვეტო დაძლია და ცვლილებები ძალაში შევიდა.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია