„ქართულის ოცნების” პარლამენტმა პირველი მოსმენით რამდენიმე რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, რომლებიც საპარლამენტო პროცედურებს, გენდერული თანასწორობის შესახებ კანონს, სისხლის სამართლის კოდექსს, საჯარო სამსახურის რეგულაციებსა და მაუწყებლობის შესახებ კანონს ეხება. 4 მარტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით ასევე დაამტკიცა „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA).
რეგლამენტის შეზღუდვები
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს რეგლამენტში, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, რომელმაც კანონპროექტი წარადგინა, აღნიშნა, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი ფინანსდებოდა უცხო ქვეყნის მიერ და მათი მხრიდან ხდებოდა არა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, არამედ დამფინანსებელი ქვეყნებისა და ორგანიზაციების ინტერესების გატარება“. „გამოვლინდა, რომ არა მხოლოდ USAID, არამედ სხვა ფონდები როგორ ახდენდნენ სხვადასხვა ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებების წინააღმდეგ მიმართული აქციების დაფინანსებასა და რევოლუციების მოწყობას“, – განაცხადა მან.
იგივე ცვლილებები ასევე მოიცავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრთა არჩევის ახალ პროცედურას, რომლითაც ცესკო-ში ვაკანტურ თანამდებობებზე პარლამენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების ასარჩევად ხმების სამი მეხუთედის მოთხოვნა უქმდება.
ცვლილებები „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 83 ხმით მხარი დაუჭირა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს. კანონპროექტის თანახმად, კანონის სათაურში და ტექსტში ტერმინი „გენდერული თანასწორობა“ იცვლება „ქალისა და მამაკაცის თანასწორობით“. გარდა ამისა, კანონიდან ხდება იმ ნორმის ამოღება, რომელშიც მოცემულია ტერმინ „გენდერის“ განმარტება.
მომხსენებელმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, „უცხოური გავლენით მიზანმიმართულად ხდებოდა ხელოვნური ტერმინის – „გენდერის“ დანერგვა. აღნიშნული წარმოადგენდა მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების ერთგვარ ანარეკლს“. კანონპროექტით აასევე უქმდება საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული თანასწორობის საბჭოსა და მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის ვალდებულება. თუმცა, მათიკაშვილის თქმით, „აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ როგორც საქართველოს პარლამენტმა, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებმა არ უნდა მოახდინონ ფოკუსირება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპის ურყევ დაცვაზე“.
ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ითვალისწინებს სამშობლოს ღალატისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგენას, რაც ასევე მოიცავს ჯაშუშობას, შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, ასევე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა დანაშაულებს.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, რატი იონათამიშვილის განმარტებით, „სამშობლოს ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია, ამიტომ სახელმწიფომ ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელიც შექმნის ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის ყველაზე მყარ და მტკიცე გარანტიებს“.
ცვლილებები “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში, რომლითაც შემოღებული იქნება ახალი ცნება – სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირი. პარლამენტის პრესრელიზის თანახმად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ“ კანონიდან ხდება გამარტივებული კონკურსის წესის ამოღება შესაბამისი სსიპ-ის ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების დანიშვნასთან დაკავშირებით. ცვლილების შედეგად, აღნიშნულ თანამდებობებზე პირების დანიშვნა შესაბამისი სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს ან იმ უწყების ხელმძღვანელის პრეროგატივა იქნება, რომლის მმართველობის სფეროშიც შედის ესა თუ ის კონკრეტული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, რომელმაც სხდომაზე საკითხი წარადგინა, განაცხადა, რომ კანონპროექტით შემოდის ნორმა, რომლის მიხედვით, დაწესებულების რეორგანიზაციისა თუ შტატების შემცირების საფუძვლით გათავისუფლებულ მოხელეს მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია.
ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში
„ქართული ოცნების’ პარლამენტმა ასევე პირველი მოსმენით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი, რომელიც უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით მაუწყებლებს შეზღუდვებს უწესებს. კანონპროექტი ითვალისწინებს მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების შეზღუდვას, გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის ან მომსახურების განთავსებისა.
ასევე, შეიზღუდება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა და პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება (თანადაფინანსება).
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა, რომელმაც ცვლილებები წარადგინა, აღნიშნა, რომ „საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები, მათ შორის მედია არ უნდა იყოს გარედან მართული“. მისივე თქმით, როდესაც ხდება „მედიის გარედან მართვა“, ის უცხოურ ინტერესებს ემსახურება, ნაცვლად იმისა, რომ ემსახურებოდეს საზოგადოების ინფორმირებულობას.
„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“/FARA
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონი მოითხოვს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციებისგან, რომ დარეგისტრირდნენ უცხოურ აგენტებად, წარადგინონ ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
პარლამენტის პრესრელიზის მიხედვით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ისეთი რეგულაციები, რომ ერთი მხრივ, თავიდან აიცილოს გარე ჩარევები და მეორე მხრივ, რა თანხებიც დაიხარჯება საქართველოში, უზრუნველყოფილი იყოს მისი საჯაროობა.
გორდულაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კანონპროექტი წარმოადგენს ამერიკული FARA-ს ზუსტ თარგმანს. „როგორც ამერიკელ ხალხს აქვს უფლება დაიცვას თავისი სუვერენიტეტი, არანაკლები უფლება აქვს ქართველ ხალხსაც გააძლიეროს თავისი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და საზოგადოებამ იცოდეს ვის მიერ ჩარიცხული თანხები რა საქმიანობას ხმარდება“, – აღნიშნა მან.
ასევე წაიკითხეთ:
- 03/03/2025 – „ქართული ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით რამდენიმე რეპრესიული კანონპროექტი მიიღო
- 26/02/2025 – TI საქართველო: ახალი შემზღუდველი ცვლილებები კრიტიკული ტელევიზიების განადგურების მიზანს ემსახურება
- 26/02/2025 – უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის შეუსრულებლობისთვის „ქართული ოცნება“ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს
- 05/02/2025 – „ქართული ოცნება“ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ რეპრესიულ საკანონმდებლო ინიციატივებს ამზადებს
- 03/02/2025 – „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს აინიცირებს