“ქართული ოცნების” პარლამენტმა 14 მაისს, 87 ხმით დაჩქარებული წესით „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებები წარდგენიდან სულ რაღაც 10 დღეში მიიღეს.
ცვლილებები დიპლომატების თანამდებობებიდან ვადაზე ადრე გაწვევის სამართლებრივ საფუძველს შექმნის იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ეთიკური სტანდარტების დარღვევას ან „ქართული ოცნების“ მთავრობის ოფიციალურად გაცხადებული საგარეო პოლიტიკის მიმართულებების საწინააღმდეგოდ მოქმედებას.
ცვლილებების თანახმად, დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებს დაემატა ნორმა, რომლის თანამხად, მივლინებული პირის მიერ მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ისეთი დარღვევა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის ინტერესების ან/და იმიჯის შელახვა, ან ისეთი ქმედების ჩადენა რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და სამინისტროს ინტერესს, წარმოადგენს პირის ვადამდე გამოწვევის საფუძველს.
ცვლილებების თანახმად, დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული დიპლომატიური თანამდებობის პირები და ადმინისტრაციული პერსონალი, სხვა საჯარო მოხელეთა მსგავსად შეფასებას დაექვემდებარებიან წელიწადში არანაკლებ ორჯერ (მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული წელიწადში ერთჯერ შეფასების ნაცვლად). ცვლილებები ასევე ითვალისწინებს დიპლომატიური თანამდებობის პირისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის როტაციის ვადის გაგრძელების შესაძლებლობის გაზრდას 1 წლამდე ვადით, ნაცვლად 6 თვისა.
ცვლილებების წარდგენას მწვავე კრიტიკა მოყვა, რადგან, როგორც მიიჩნეოდა, ისინი მიმართული იყო იმ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომელთაც ხელი მოაწერეს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას და დაგმეს „ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება. ერთობლივი განცხადების თანახმად, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებს.
საკანონმდებლო ცვლილებები საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის ფონზე ხორციელდება, რაც, სავარაუდოდ, ასობით თანამშრომლის გათავისუფლებას და უწყებაში სტრუქტურულ ცვლილებებს გამოიწვევს.
ასევე წაიკითხეთ:
- 01/05/2025 – ოპოზიცია აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის სამიზნეეები პროევროპელი დიპლომატები არიან
- 06/03/2025 – ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაცია პროტესტის გამო საჯარო მოხელის გათავისუფლების ნორმალიზებას ახდენს
- 29/11/2024 – დიპლომატების ერთობლივი წერილი: ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტა ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება