„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 2 ივლისს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ 12 წევრს დეპუტატის მანდატები შეუჩერა. გახარიას პარტია, სხვა ოპოზიციური ძალების მსგავსად, ბოიკოტს უცხადებს ერთპარტიულ საკანონმდებლო ორგანოს, თუმცა მათგან განსხვავებით, მანდატებზე უარი ოფიციალურად არ უთქვამს.
თებერვალში, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 49 მანდატი შეუჩერა „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს. ყველა მათგანმა თავად თქვა უარი მანდატებზე მას შემდეგ, რაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს. თუმცა, გახარიას პარტიის შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა გადაწყვეტილება ასეთი წინაპირობის გარეშე მიიღეს და მიზეზად მათ მიერ პარლამენტის უგულებელყოფა დაასახელეს.