„ქართული ოცნების“ პარლამენტისთვის წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში პაპუაშვილი „რევოლუციების ხუთ მცდელობაზე“ საუბრობს

Civil Georgia 3 კვირის წინ 2
„ქართული ოცნების“ პარლამენტისთვის წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში პაპუაშვილი „რევოლუციების ხუთ მცდელობაზე“ საუბრობს

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 14 მაისს საკანონმდებლო ორგანოს თავისი ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში გაჯერებული იყო შეთქმულების ნარატივებითა და ანტიდასავლური განცხადებებით, რომლებიც საქართველოს ტრადიციული პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა და აშშ-ის წინააღმდეგ იყო მიმართული. მართალია პრეზენტაცია პარლამენტის მუშაობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომავალი წლის სამოქმედო გეგმას უნდა შეხებოდა, პაპუაშვილის გამოსვლა მთლიანად ფოკუსირებული იყო საქართველოში „რევოლუციების ხუთ მცდელობაზე“ 2020 წლიდან.

პაპუაშვილმა გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი „მართლაც იქცა შემობრუნების წერტილად უახლეს ქართულ ისტორიაში, რადგანაც ის, სუვერენიტეტის განმტკიცების და ეროვნული ინტერესების დაცვის მტკიცე და გაბედულ კრებულს წარმოადგენდა“. მან პარლამენტის ყოფილი და მოქმედი წევრები შეაქო და აღნიშნა, რომ ისინი უნდა ამაყობდნენ „საქართველოს დაცვასა და წინსვლაში შეტანილი წვლილით“.

პაპუაშვილის თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ განვლილი ოთხი წელი „აღსავსე იყო წინააღმდეგობებით, უცხო გავლენებითა და შიდა საქმეებში ჩარევით, დესტრუქციული ჯგუფების მიერ სახელმწიფოს საფუძვლების რყევით, ინტერეს-ჯგუფების მიერ პოლიტიკური ფრონტის გახსნით, ღალატით, დივერსიით და მტრისა თუ მოყვრის მიერ დაგებული ხაფანგებით“.

„თუმცა, ყველაზე მეტად, სწორედ ამ რთულ დროს გამოჩნდა ქართველი ხალხის ერთგულება, სიბრძნე და ნდობა“, – აღნიშნა მან.

შემდეგ პაპუაუშვილმა დეტალურად განიხილა „რევოლუციის მცდელობები“ საქართველოში.

მისი თქმით, რევოლუციის პირველი მცდელობა, რომელსაც „პოლიტიკური პარტიების რევოლუცია“ უწოდა, პოლიტიკური პარტიების მხრიდან განხორციელდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მან გააკრიტიკა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ხმების პარალელურ დათვლაში დაშვებული შეცდომის გამო და კიდევ ერთხელ გაიმეორა მმართველი პარტიის ბრალდება, რომ ოპოზიციის პროტესტი „სამართლიანი არჩევნების“ გაყალბებულ პარალელური დათვლის შედეგს ეფუძნებოდა. პაპუაშვილმა ასევე გააკრიტიკა USAID და ის „ყალბი შედეგების გავრცელებაში“ დაადანაშაულა, ამასთანავე აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია შეაქო იმის გამო, რომ მან გამოაშკარავა, რომ „USAID გამოიყენებოდა ხელისუფლებების დესტაბილიზაციისთვის და სახალხო დემოკრატიის გარედან მართული დემოკრატიით ჩანაცვლებისთვის”.

პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რევოლუციის მეორე მცდელობა, რომელსაც მან „მედიამუშაკთა რევოლუცია“ უწოდა, 2021 წლის აპრილიდან აგვისტომდე პერიოდში მოხდა შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გარშემო, რომელიც მიზნად ისახავდა იმ დროს არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას ევროკავშირისა და აშშ-ს შუამავლობით. „შეთანხმების მიუხედავად, რადიკალური ოპოზიციის მთავარმა ბირთვმა [ნაციონალურმა მოძრაობამ] უარი თქვა შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერასა და პარლამენტში შესვლაზე, რითიც გააგრძელა პოლიტიკური პოლარიზაციის პროცესი და კრიზისული ვითარების ესკალაციის მცდელობა, რომლის გამოყენებაც სწორედ თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ სწორედ ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წლის ივლისის შარლ მიშელის შეთანხმება დატოვა. მან მედიის წარმომადგენლებიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ „საზოგადოებრივი განხეთქილება“ სცადეს „უმცირესობების უფლებათა თემის მანიპულაციით, ლგბტ მარშებით, რაც ძალადობრივ პროცესში გადაიზარდა, ხოლო რუსთაველის პროსპექტის ავანსცენაზე პოლიტიკურ აქტივისტებად ქცეული მედიამუშაკები გამოჩნდნენ“.

რევოლუციის მესამე მცდელობა, რომელსაც „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ „არაჟნის რევოლუციის გეგმა“ უწოდა, 2021 წელს საქართველოში არაჟნით სავსე კონტეინერით მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ შემოსვლას უკავშირდება, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. პაპუაშვილის მტკიცებით, ამ გეგმის უკან უკრაინის დაზვერვა იდგა. მისივე თქმით, რევოლუციური პროცესის დაწყება არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე იგეგმებოდა.  

ევროკავშირის სავარაუდო ჩართულობაზე მინიშნებით, მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, სააკაშვილი ბრიუსელის დერეფნებში დადიოდა და შეხვედრებს მართავდა.

პაპუაშვილმა ელჩები და ბალტიის ქვეყნების პარლამენტარები სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე ზეწოლაში და მისი შესაძლო სიკვდილის გარშემო არსებული სიტუაციის მანიპულირებაში დაადანაშაულა, რათა „რევოლუციის მცდელობა“ დაუსჯელი დარჩენილიყო.

პაპუაშვილის თქმით, ეს პროცესები გაგრძელდა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებით 2022 წლის თებერვალში. მისი თქმით, „რადიკალურმა ოპოზიციამ“ მოითხოვა უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნა, რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესება, საჰაერო სივრცის დახურვა და რუსებისთვის ვიზების შემოღება, რაც პაპუაშვილის თქმით, „სრულ და უპირობო ესკალაციას“ გამოიწვევდა. მან ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გარედან კონტროლში, ხოლო უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები საქართველოს ომში ჩათრევასა და „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობაში დაადანაშშაულა.

„ახლა კი დავფიქრდეთ, რა მოხდებოდა, „არაჟნის რევოლუციის“ გეგმა რომ განხორციელებულიყო და ამ ომს ხელისუფლებაში ის ე.წ. „გულწრფელი მოქალაქეები“ დახვედროდნენ, ვინც უკრაინაში დაწყებული ომის პარალელურად უკრაინულ დროშაში გახვეულები რუსთაველიდან მეომრების გაგზავნას, ცის ჩაკეტვას და სანქციების დაწესებას მოითხოვდნენ? ხომ შევიდოდნენ იმ ესკალაციის სპირალში, რომლის ბოლოშიც გარანტირებულად ომია. ხომ მოხდებოდა აქ კურსკი. ხომ იქნებოდა აქ მეორე ფრონტი“, – განაცხადა პაპუაშვილმა. „ეს სცენარი ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას და სწორედ მეათე მოწვევის პარლამენტი ჩადგა ამ პოლიტიკური თავდაცვის ღონისძიებების ავანგარდში“.

რევოლუციის მეოთხე მცდელობა, განაგრძო პაპუაშვილმა და მას „არასამთავრობო ორგანიზაციების რევოლუცია“ უწოდა, მალევე მოხდა, რაც ევროკავშირის მიერ 2022 წლის ივნისში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თავდაპირველი უარით იყო განპირობებული. მან ამ გადაწყვეტილებას „პოლიტიკური“ უწოდა, რამაც „რადიკალური მოძრაობა წაახალისა“. მან განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მოითხოვეს, რომ პარლამენტს დაეთხოვა მთავრობა და ახალი მთავრობა ჩამოყალიბებულიყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობით, რომლებსაც ვეტოს უფლება ექნებოდათ. „ენჯეოები, რომლებიც, ტრადიციულად მხოლოდ დონორების კეთილგანწყობაზე ფიქრობენ და ხალხთან კონტაქტი არ აქვთ, რა თქმა უნდა, აქაც აცდნენ საზოგადოების განწყობას და რევოლუციის ეს მცდელობაც ჩაიშალა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უცხოელმა დონორმა ორგანიზაციებმა რევოლუციის მეხუთე მცდელობა – „დონორების რევოლუცია“ განახორციელეს 2023 წელს, „უცხოელი აგენტების შესახებ კანონის“ წინააღმდეგ პროტესტის ფონზე.

პაპუაშვილის თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონმა და მის გარშემო აგორებულმა მოვლენებმა „ლაკმუსის ქაღალდის“ როლი შეასრულა. „2023 წელს რევოლუციური მოძრაობის ესტაფეტა პირდაპირ უცხოელმა პოლიტიკოსებმა და დონორებმა ჩაიბარეს და წინა პლანზე გადმოინაცვლეს. სწორედ ამიტომ შეარქვა ერთ-ერთმა ელჩმა, პირველმა, „გამჭვირვალობის ქართულ კანონს“ რუსული“, – აღნიშნა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ „ჩვენ პროცესი შევანელეთ და ამიტომ რევოლუციის ეს მცდელობაც ჩავარდა. 2023 წელს ყველა ის უცხო თუ შიდა აქტორი, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ზემოქმედებას მოახდენდა, გამოვლენილი და გამოაშკარავებული იყო“.

პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2024 წელს, მმართველმა პარტიამ საარჩევნო კამპანია „უპრეცედენტო უცხოური ჩარევის ფონზე“ გაიარა. „ჩვენ გვითხრეს, რომ ეს იქნებოდა ფინალური ბრძოლა, ყველა ერთის წინააღმდეგ. ეს იქნებოდა რეფერენდუმი“.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მსხვილი თუ წვრილი ენჯეოები, აქტივისტი მედიამუშაკები, დესტრუქციული, პარტიული მედიაარხები, ტრეინინგ-გავლილი მზა დემონსტრანტები, უცხოელი დონორები და დიპლომატები, ყველა ერთად წარმოდგნენ რეფერენდუმად მონათლულ არჩევნებზე, მიმავალი და ყავლგასული პრეზიდენტით სათავეში“, – განაგრძო მან.

„ეს პოლარიზაცია ამჯერადაც უცხოეთმა მოგვახვია თავს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საბოლოოდ, უმრავლესობამ სწორი არჩევანი გააკეთა არჩევნებზე.

„მივიღეთ პარადოქსი, რომ დღეს, ქუჩაში, ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა. „ასეთ ვითარებაში გამარჯვების ფორმულაა ერთობა, სიმტკიცე და რწმენა, შენი ქვეყნის, შენი ხალხის, შენი ისტორიის“.

„მეათე მოწვევის პარლამენტი იქცა შემობრუნების წერტილად, როდესაც ჩვენ, ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედად ეროვნული ინტერესი ვაქციეთ, ხოლო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების წესად სიბრძნით მოქმედება“.

„დღეს ჩვენ ვაგრძელებთ დაწყებულ საქმეს და ქვეყნის ინტერესების შემდგომ მსახურებას. ქვეყნის გამთლიანება და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობა არის ჩვენი ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, ყველა სხვა მიზანი, განზრახვა და მისწრაფება ამ ორი საზომით გაიზომება. ამ საქმეში ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – დასძინა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია