„ქართული ოცნების“ პარლამენტი განიხილავს კანონმდებლობას საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან სსო-ების ჩამოშორების შესახებ

Civil Georgia 1 თვე წინ 30
„ქართული ოცნების“ პარლამენტი განიხილავს კანონმდებლობას საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან სსო-ების ჩამოშორების შესახებ

„ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ საკანონმდებლო პაკეტი წარადგინეს, რომელიც 14 სხვადასხვა კანონში ცვლილებების შეტანას ისახავს მიზნად და რომლის მიღების შემთხვევაშიც არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში აღარ მიიღებენ მონაწილეობას.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დღეს მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას. „დღეს არსებულმა რეალობამ ცხადყო, რომ  რეგლამენტით გათვალისწინებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის სავალდებულოობა ვერ ასრულებს იმ რეალურ მიზანს, რასაც ემსახურებოდა კანონმდებლის ნება“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში. დოკუმენტის თანახმად, „ბოლოდროინდელმა ვითარებამ, მათ შორის, USAID-ის გარშემო მსოფლიო მასშტაბით განვითარებულმა მოვლენებმა, გამოავლინა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში  აფერხებს სახელმწიფო მმართველობის ეფექტიან განხორციელებას“. 

შემოთავაზებული ცვლილებები ასევე შეეხება პარლამენტის რეგლამენტის რამდენიმე ძირითად დებულებას. აღსანიშნავია, რომ 206-ე მუხლი, რომელიც ამჟამად მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ კომისიაში სსო-ების წარმომადგენლობას ითვალისწინებს, შეიცვლება და ამგვარი მონაწილეობა აღარ იქნება სავალდებულო. ამასთან, 207-ე და 207-ე  პრიმა მუხლების მიხედვით, საქართველოს საპროკურორო საბჭოსა და საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატები აღარ შეირჩევიან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილ პირთაგან.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებები საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მქონე ადამიანებმა და ორგანოებმა უნდა მიიღონ და დასძინა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ასეთი ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ. ამიტომ, მისი თქმით, მათი მონაწილეობა საჯარო გადაწყვეტილების მიღებაში აღარ უნდა იყოს სავალდებულო.

განმარტებით ბარათში, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ნარატივი, რომ უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები არ მოქმედებენ ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებში, არამედ „ისინი ემსახურებიან გარე ძალების პოლიტიკურ და ეკონომიკურ დღის წესრიგს“.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან (და შემდგომში ცხრა პირობიდან) ერთ-ერთი იყო, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია