„ქართული ოცნების“ მთავრობამ გაეროსთან 2026–2030 წლების თანამშრომლობის პრიორიტეტები წარმოადგინა

Civil Georgia 1 თვე წინ 26
„ქართული ოცნების“ მთავრობამ გაეროსთან 2026–2030 წლების თანამშრომლობის პრიორიტეტები წარმოადგინა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა 2 მაისს გაერო-ს სააგენტოებს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები წარუდგინა, რომელიც საქართველოსა და გაერო-ს შორის 2026-2030 წლების თანამშრომლობის ჩარჩოში იქნება გათვალისწინებული.

შეხვედრას, სადაც ჟორჟოლიანმა მთავრობის ხედვა წარადგინა, მინისტრების მოადგილეებიც ესწრებოდნენ. ჟორჟოლიანის განცხადებით, გაეროსთან თანამშრომლობის მიმართულებით ქვეყანას ორი ძირითადი პრიორიტეტი აქვს, ესენია: ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და გაეროს მუშაობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორ მიმართულებას, ეს არის გაერო-ს მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეკონომიკური ზრდა, რომელიც უნდა იყოს მწვანე და ინკლუზიური“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა შეხვედრის შემდეგ. „მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის დოვლათი თანაბრად განაწილდეს, როგორც სასოფლო, ასევე ურბანულ არეალებზე. ასევე ვიმსჯელეთ სხვადასხვა პრიორიტეტებზე, რომელიც მომავალ წლებში საფუძვლად დაედება გაეროს ყველა სააგენტოსა და შესაბამისი სამინისტროების სამოქმედო გეგმას“.

გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა დიდიე ტღებიუკმა განაცხადა, რომ გაეროს წარმომადგენლობა კონსულტაციებს მართავს საქართველოში პარტნიორ უწყებებთან, რათა ერთობლივად გაიწეროს პრიორიტეტები მომდევნო 5 წლისთვის.

მანამდე, 27 მარტს, დიდიე ტღებიუკი „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა. გაეროს ოფისის მიერ შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ საუბარი შეეხო მდგრადი განვითარების მხარდაჭერისა და ქალებისა და ბავშვების უფლებების ხელშეწყობის გეგმებს, „რაც მიზნად ისახავს ქართველი ხალხისთვის მეტი კეთილდღეობის უზრუნველყოფას“.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია