„ქართული ოცნების“ ლიდერების საახალწლო მილოცვები„ბევრ გამარჯვებასა” და ერთიანობის მნიშვნელობაზეა ფოკუსირებული

Civil Georgia 2 დღის წინ 5
„ქართული ოცნების“ ლიდერების საახალწლო მილოცვები„ბევრ გამარჯვებასა” და ერთიანობის მნიშვნელობაზეა ფოკუსირებული

2025 წლის დადგომასთან ერთად, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, მათ შორის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საახალწლო მიმართვები გაავრცელეს, რომლებშიც საუბარი იყო „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში წინა წლებში და განსაკუთრებით 2024 წელს მიღწეულ მრავალრიცხოვან „გამარჯვებებზე“, მშვიდობის შენარჩუნებისა და ერთიანობის მიღწევის მნიშვნელობაზე. გამოსვლები გამოირჩეოდა შემრიგებლური და საზეიმო ტონით, ამავდროულად საერთოდ არ იყო ნახსენები გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისის, საერთაშორისო იზოლაციის, რეპრესიებისა და საქართველოს ბევრ ქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციების თემები.

„ქართული ოცნების“ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მოსახლეობას ახალი წელი ტელევიზიით მიულოცა და ქართველ ხალხს „მშვიდობა, ბედნიერება და სიხარული“ უსურვა. მან ასევე მიულოცა ახალი წელი „აფხაზ და ოს და-ძმებს“. „ახალი წლის სიხარული ყოფილიყოს ჩვენი საერთო, ბედნიერი მომავლის საწინდარი”, – განაცხადა მან. ყაველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ 2025 წელი კეთილის ბოროტზე გამარჯვების წელი იქნება. მისი თქმით, ქართული საზოგადოების ერთიანობა „სამშობლოს გარშემო მაგალითი მიმცემი უნდა იყოს პოლიტიკოსებისთვის, რათა მათაც მოახერხონ საერთო ენის გამონახვა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“. მან დასძინა, რომ საზოგადოების ერთობა დაფუძნებული უნდა იყოს სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემაზე. „დაე, გაიმარჯვოს სიყვარულის ძალამ ყველა იმ ცდუნებაზე, რაც შეიძლება გვყოფდესს და გვაპირისპირებდეს“, – განაცხადა ყაველაშვილმა და დასძინა: „ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „ჩვენი სამშობლოს ისტორიული გზა არასდროს ყოფილა იოლი, მაგრამ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ და მსოფლიომ ურთულესი პერიოდი გაიარა. გლობალური პანდემია, დამანგრერეველი ომები ჩვენს გარშემო, საშიში გეოპოლიტიკური დაპირისპირება“. მან ასევე აღნიშნა: „ახალ წელს თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს განსაკუთრებით მინდა ვუსურვო ორი რამ – მშვიდობა და ერთობა“.

„განვლილმა წლებმა განსაკუთრებით დაგვანახა მშვიდობის ფასი, სიმტკიცის ფასი, სიბრძნის, სიფრთხილისა და წინდახედულების ფასი“.

„ჩვენ გავაცნობიერეთ და აღვიქვით, რას ნიშნავს გქონდეს პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდე ღვთისგან ბოძებულ და წინაპართაგან დატოვებულ საუნჯეს, ჩვენს ქვეყანას, მის ისტორიას, წარსულს, აწმყოს და მომავალს“, – განაცხადა პაპუაშვილმა. „ამიტომ, ჩვენი მხრიდან, ერთადერთი სწორი და ბრძნული არჩევანი მშვიდობის პოლიტიკაა. ამავე დროს, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ, მშვიდობასთან ერთად, წარმატება საქართველოსთვის მოაქვს ერთადერთ პრინციპს, რომელიც ასევე დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა. ძალა ერთობაშია – ეს მარტივი ფორმულა იტევს მთელი საქართველოს ისტორიას, ჩვენს აწმყოსა და მომავალს. როდესაც ვართ ერთად, მაშინ ვართ მტკიცედ, და როდესაც ვართ მტკიცედ, ყოველთვის ვიმარჯვებთ“.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საახალწლო მიმართვა   ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თითოეულ მცხოვრებს ახალი წელი მიულოცა: „2024 წელი იყო მრავალი სირთულით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს კვლავაც უწევდა უთანასწორო ბრძოლა მშვიდობის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული თვითმყოფადობის დასაცავად, უწევდა ბრძოლა გარედან თავსმოხვეული სიძულვილის წინააღმდეგ. თუმცა, მთავარი ისაა, რომ საქართველო 2024 წელს ყველა ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა“.

სადავო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მან განაცხადა: „საქართველომ გაიმარჯვა 26 ოქტომბრის რეფერენდუმში, სადაც მთელი ხალხი მტკიცედ დადგა თავისუფლების, დამოუკიდებლობის, მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობისა და საქართველოს ნათელი ევროპული მომავლის მხარეს“.

კობახიძემ მადლობა გადაუხადა „პედაგოგებს, მეცნიერებს, ხელოვანებს, ექიმებს გლეხებს, ფერმერებს, მუშებს, მეწარმეებს, საჯარო მოსამსახურეებს, ყველა პროფესიის ადამიანებს, რომლებსაც თქვენი წვლილი შეგაქვთ სამშობლოს წარმატებაში“. მან რწმენა გამოთქვა, რომ 2025 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

კობახიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სამართალდამცავ სტრუქტურებს, სასამართლო სისტემასა და პროკურატურას, ასევე სასულიერო პირებს: „განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს დედა-ეკლესიას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და თითოეულ სასულიერო პირს, რომელთა ღვაწლი საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობის, ღირებულებების დაცვასა და შენარჩუნებაში ფასდაუდებელია. მადლობას ვუხდი ყველა რელიგიურ კონფესიას ტრადიციული ფასეულობების დაცვაზე ზრუნვისთვის“.

მან განაცხადა, რომ 2024 წელი იყო „გამარჯვებებით სავსე წელიწადი“ და სპორტისა და ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა მიღწევები ჩამოთვალა.

„რაც მთავარია, მინდა ვისურვო, 2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხებისა და სიყვარულის გამარჯვების წელიწადი. სადაც ქართველებს ერთმანეთი გვეყვარება, იქ ვერავითარი გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს“, – დასძინა კობახიძემ.

წელს პირველად ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად, ფეისბუქზე მისალოცი პოსტი გაავრცელა. თავის მისალოცში, რომელიც „ქართული ოცნების“ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა, წყვილი აცხადებს სურვილს, რომ 2025 წელს „შეგვძლებოდეს, ვიყოთ ჩვენი სახელოვანი წინაპრების ძალისხმევის ღირსეული მემკვიდრეები – ხალხი, რომელიც პატივს ვცემთ ჩვენს წარსულს და სამშობლოსადმი ერთგულებით ჩვენი ქვეყნის ბედნიერ მომავალს ვქმნით“.

„დაე, ჩვენმა ურყევმა ერთობამ შეგვძინოს ძალა, რომელიც არავის მისცემს ჩვენი მტკიცე ნაბიჯების შეჩერების საშუალებას! ნაბიჯების, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის სიძლიერისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებას ემსახურება“, – ნათქვამია მისალოცში.

მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ და მისმა მეუღლემ განაცხადეს, რომ 2024 წელი იყო „გამოწვევებითა და გამარჯვებებით სავსე“ და რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ „ბრძენი და შეუპოვარია“. „კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის და თავად გადავწყვეტთ, როგორ ვატაროთ საქართველო მშვიდობის და წარმატების გზაზე“.  „მოდით, ერთად დავამტკიცოთ, რომ დაუღალავი შრომით, ერთმანეთისადმი სიყვარულითა და ნამდვილი პატრიოტიზმით, ჩვენი ქვეყანა შეძლებს გაბრწყინებას და მსოფლიოში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას!“, – აცხადებს წყვილი.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია