ქართული ოცნება სიხარულით შეხვდა Meta-ს გადაწყვეტილებას, ფაქტების გადამოწმება გააუქმოს

Civil Georgia 18 საათი წინ 10
ქართული ოცნება სიხარულით შეხვდა Meta-ს გადაწყვეტილებას, ფაქტების გადამოწმება გააუქმოს

საქართველოს მმართველი პარტია ენთუზიაზმით შეხვდა Meta-ს გადაწყვეტილებას, “ფეისბუქისა” და “ინსტაგრამის” პლატფორმებზე შეწყვიტოს ფაქტების გადამოწმების სისტემა და იგი ე.წ. “საზოგადოებრივი შენიშვნების” (Community Notes) მოდელით ჩაანაცვლოს. თუმცა სიხარული შესაძლოა ნაადრევია: როგორც Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილება ჯერ მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამოქმედდება.

“ფეისბუქის მიერ ფაქტების გადამოწმების უფრო დემოკრატიული, [პლატფორმა] X-ის სისტემის მსგავსი “საზოგადოებრივი შენიშვნების” სისტემის დანერგვა პოზიტიური ნაბიჯია,” დაწერა “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე. მისივე თქმით, ამ ცვლილებით დეზინფორმაციის შესახებ სუბიექტური აღქმების საპირწონედ ძლიერდება “ფაქტების ღირებულება.”

მაგრამ “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა შესაძლოა ცუკერბერგის გზავნილი არასწორად გაიგო. “შალვა პაპუაშვილის ინსინუაციები სრულად აცდენილია რეალობას, ხოლო ცუკერბერგის განცხადება ფაქტების გადამოწმების პროგრამის ახალი მოდელის შესახებ არ ეხება ევროპელი ფაქტჩეკერების [ფაქტების გადამმოწმებლები] საქმიანობას დეზინფორმაციის მხილების საქმეში, რაც უახლოეს დღეებში გამოჩნდება,” დაწერა “ფეისბუქზე” თამარ კინწურაშვილმა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის განვითარების ფონდის (MDF) ხელმძღვანელმა. აღნიშნულ ორგანიზაციას ეკუთვნის მედია პროექტი “მითების დეტექტორი,” რომელიც სწორედ ფაქტების გადამოწმებაზე მუშაობს.

თუმცა მაინც, გასაკვირი არაა “ქართული ოცნების” აშკარა სიხარული Meta-ს გადაწყვეტილებაზე, როგორც ცუკერბერგმა განაცხადა, “დაუბრუნდეს ფესვებს თავისუფალი გამოხატვის გარშემო” და მოიშოროს “პოლიტიკურად ზედმეტად მიკერძოებული” ფაქტების გადამმოწმებლები. “ქართული ოცნების” მიერ კონტროლირებული მედიები და მასთან დაკავშირებული მრავალი “ფეისბუქ” თუ “ინსტაგრამ” ქსელები მრავალჯერ წაშლილა Meta-ს პლატფორმებიდან; ამის საფუძველი კი ფაქტების გადამმოწმებელთა ანგარიშები იყო.

ერთ-ერთი ბოლო ასეთი შემთხვევა გასული წლის აგვისტოში მოხდა, როდესაც Meta-მ წაშალა რუსული წარმოშობის ანგარიშები და გვერდები, რომლებიც უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მოწინააღმდეგეებს აკრიტიკებდნენ, ხოლო “ქართულ ოცნებას” მხარს უჭერდნენ. Meta-ს ფაქტების გადამოწმების სისტემას “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული არაავთენტური ქსელები მანამდეც წაუშლია.

პაპუაშვილის თქმით, “ფეისბუქი” საქართველოში ეყრდნობოდა ძირითადად ორი არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობას: საქართველოს რეფორმების ასოციაციის პროექტი “ფაქტმეტრი” და მედიის განვითარების ფონდის (MDF) “მითების დეტექტორი.” ორივე მათგანი დიდი თავის ტკივილი აღმოჩნდა “ქართული ოცნებისთვის,” რომელსაც მუდმივად უნდოდა Meta-ს პლატფორმებზე თავისი გზავნილების ფართოდ გავრცელება. “ორივე ორგანიზაციას მილიონობით უხდიდნენ უცხოეთის მთავრობები ამ საქმიანობაში,” თქვა პაპუაშვილმა.

მეტიც, მან განაცხადა, რომ ფაქტების გადამმოწმებლები საქართველოში “სერგი კაპანაძისა და თამარ კინწურაშვილის კონტროლის ქვეშ არიან,” აღნიშნულ ორ პიროვნებაზე კი გაიხსენა, რომ მათ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციაში მაღალი თანამდებობები ეკავათ. “თქვენ უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა დონის “მიუკერძოებლობა” და “კეთილსინდისიერებას” მოუტანდა ეს ორი შეფარული პოლიტიკოსი მათსავე ფაქტების გადამოწმების მისიებს,” დაწერა პაპუაშვილმა.

სრულად წაიკითხეთ სტატია