„ქართული ოცნების“ პარლამენტი ახალი რეგლამენტის მისაღებად ემზადება, რომელიც შეცვლის საპარლამენტო საქმიანობის განხორციელების წესს, მათ შორის ცვლილებებს შეიტანს მთავრობის მიმართ ნდობის გამოცხადების პროცედურაში და პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ მოვალეობებში. გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებებით კიდევ უფრო გამარტივდება პარლამენტის მიერ კანონების მიღება.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს
შემოთავაზებული ცვლილებებით, პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პირდაპირ პლენარულ სხდომაზე განიხილავს და უყრის კენჭს, ხოლო კომიტეტებისა და ფრაქციების ფორმატში განხილვები აღარ გაიმართება.
ცვლილებებით ასევე დგინდება საგამონაკლისო საკითხები, რომლებზეც პარლამენტის კომიტეტები არ იმსჯელებენ და პირდაპირ სესიაზე გავა. ეს საკითხებია მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, თანამდებობის პირის არჩევა, დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების შექმნა, პრეზიდენტის არჩევა, თანამდებობის პირის იმპიჩმენტი და რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებები კიდევ უფრო გაამარტივებს „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ კანონების მიღებას.
პარლამენტის თავმჯდომარეს წლიური სამოქმედო გეგმის წარდგენა აღარ მოეთხოვება
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილების მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას, სამოქმედო გეგმის წარდგენის ვალდებულება აღარ ექნება. ამჟამად, სპიკერი ვალდებულია საგაზაფხულო სესიის პირველ კვირას წარადგინოს როგორც ანგარიში პარლამენტის საქმიანობის შესახებ, ასევე მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა.
„პარლამენტის საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობები საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია და გაუმართლებელია, პარლამენტის თავმჯდომარემ თავის ანგარიშში პარლამენტის საქმიანობის გეგმა დასახოს“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ამასთან, ახალი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის ახალი ვალდებულება დგინდება – მან ყოველი წლის იანვრის ბოლომდე პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობითი ფორმით კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში უნდა წარუდგინოს, რომლის საფუძველზეც პარლამენტის თავმჯდომარე წლიურ ანგარიშს მოამზადებს.
ეს საკანონმდებლო ინიციატივები „ქართული ოცნების“ მიერ ახლახანს ინიცირებული სადავო ცვლილებების უფრო ფართო ტალღის ნაწილია და მოიცავს კანონპროექტს, რომელიც ღალატის სამართლებრივ დეფინიციას აფართოებს, რაც, როგორც ოპონენტები შიშობენ, შესაძლოა პოლიტიკური ოპონენტებისა და განსხვავებული აზრის მქონე პირთა წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. გარდა ამისა, პარტიამ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ხელისუფლების ე.წ. „მემკვიდრე პარტიების“ აკრძალვას, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერგადალახული პარტიების აკრძალვისკენაა მიმართული.
ასევე წაიკითხეთ:
- 08/04/2025 – „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ პარტიებს ღონისძიებებისთვის უცხოური დახმარების მიღებას აუკრძალავს
- 08/04/2025 – „ქართული ოცნება“ საგრანტო დაფინანსების კონტროლს იწყებს
- 01/04/2025 – „ქართული ოცნების“ პარლამენტმა რიგი შემზღუდველი საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
- 28/03/2025 – „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებული კანონპროექტი ნაციონალური მოძრაობის „მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას“ ითვალისწინებს