“ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თხოვნით ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მიმართავს

Civil Georgia 1 დღე წინ 3
“ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თხოვნით ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მიმართავს

„მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული კონსტიტუციური სარჩელი მოვამზადოთ, რომელიც, თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს „კოლექტიური ნაცმოძრაობის” აკრძალვის საფუძველი“, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს „თვითმმართველობის არჩევნებიდან ძალიან ახლო პერიოდში“ მოხდება. ადგილობრივი არჩევნები წელს 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ხელისუფლების სავარაუდო დანაშაულების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის მანდატი გაფართოვდა და ის ახლა არა მხოლოდ 2003-2012 წლებს, არამედ 2003 წლიდან დღემდე პერიოდს მოიცავს. „შესაბამისად, შესასწავლი ობიექტებისა და საკითხების ნუსხაც გაცილებით ვრცელია, ასევე, კომისიის სახელზე ყოველდღიურად შემოდის საქართველოს პარლამენტში ასობით განცხადება, სადაც მოთხრობილია „ნაცმოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი შემზარავი ისტორიები“, – განაცხადა მან.

მდინარაძის თქმით, დღევანდელ სხდომაზე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, დააკმაყოფილოს კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის თხოვნა და კომისიის სამთვიანი მუშაობის ვადა კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივოს.

„მოგეხსენებათ, რომ კომისიის მუშაობის მხოლოდ სამთვიანი ვადის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იყო თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა პროცედურის შესაბამისი წესის დაცვით მოსწრება, თუმცა თუ ჩვენ ვადას ერთი თვით გავახანგრძლივებთ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული პროცესის ამ ვადაში დასრულება ფიზიკურად შეუძლებელია, შესაბამისად, მივიღებთ ობიექტურ რეალობას, როდესაც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა“, – განაცხადა მდინარაძემ.

„ამას გარდა, არავის მივცემთ უფლებას, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ამ საკითხის სპეკულირებისა და ამის საშუალებას არავის მივცემთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კოლექტიური ნაცმოძრაობის აკრძალვა იჩქარა სწორედ თვითმმართველობის არჩევნებამდე“, – აღნიშნა მან.

მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციურ პარტიებს „პატრონები და დამფინანსებლები დაავალებენ“ და „მოუწევთ მონაწილეობა მათთვის ბოლო არჩევნებში”.

მან პირობა დადო, რომ ამ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ დაანახებს ყველას, „რამდენად უშედეგოა საქართველოში გარე ძალების მიერ ხელისუფლების აგენტურით ჩანაცვლების ნებისმიერი მცდელობა“.

სრულად წაიკითხეთ სტატია