„ქართული ოცნება“ საგრანტო დაფინანსების კონტროლს იწყებს

Civil Georgia 1 კვირა წინ 14
„ქართული ოცნება“ საგრანტო დაფინანსების კონტროლს იწყებს

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტს „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ  უცხოური დონორებისგან გრანტების მიღება მხოლოდ „ქართული ოცნების“ მთავრობის თანხმობით იქნება შესაძლებელი. ცვლილებები დაჩქარებული წესით ერთ კვირაში მიიღება და „ქართული ოცნების“ არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერისთანავე შევა ძალაში.

დონორებმა გრანტების გაცემაზე „ქართული ოცნების“ მთავრობის ან მისი უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა უნდა მიიღონ. მათ საგრანტო ხელშეკრულება „ქართული ოცნების“ მთავრობას უნდა წარუდგინონ. აღნიშნული თანხმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება 10 დღის ვადაში და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. „აღნიშნული თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია“, – ნათქვამია კანონპროექტში. ეს წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე.

კანონპროექტის თანახმად,  აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. „აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით“, – ნათქვამია კანონპროექტში.

„ათიოდე დღეში მთავრობა გადაუწყვეტს გაეროს, ევროსაბჭოს და სხვებს, ვის მისცენ გრანტი და ვის არა.  ოცნება ამით დაფინანსებას გადაუკეტავს ყველა არამაამებელ ორგანიზაციას, რომელიც ადამიანის უფლებებზე, კორუფციაზე ან სხვა სიკეთეზე მუშაობს“, – წერს იურისტი და სამართლის ექსპერტი საბა ბრაჭველი სოციალურ მედიაში. „ერთ კვირაში ოცნება ნებართვის გარეშე ადამიანების უსასყიდლო დახმარებას აკრძალავს“.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ შეეწინააღმდეგებიან ცვლილებებს. მათ დაგეგმილი ცვლილებები „ქართველი ხალხის დევნის აქტად“ შეაფასეს, რომელიც მიზნად ისახავს „მოქალაქეების მმართველი პარტიის სადამსჯელო სისტემის პირისპირ დატოვებას და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი თანადგომის აკრძალვას“. მათივე თქმით, „ქართული ოცნების ინიციატივა არის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ხალხის დახმარების სისტემის განადგურების სტრატეგიის გაგრძელება“.

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა უკვე მიიღო უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA), რომელიც, მმართველი პარტიის მტკიცებით, ამერიკული კანონის „ზუსტი ასლია“. თუმცა, ოპონენტების თქმით, ის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული. „ქართული ოცნების“ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კანონპროექტს ხელი უკვე მოაწერა და ის ძალაში ორ თვეში შევა.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია