„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მორიგ რაუნდს იწყებს

Civil Georgia 2 თვის წინ 35
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მორიგ რაუნდს იწყებს

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის მორიგ რაუნდს იწყებს. ბრიფინგზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრის შეტანის გადაწყვეტილება გასულ კვირას ევროპის დედაქალაქებში პრეზიდენტის მიერ განხორციელებულმა ვიზიტებმა განაპირობა.

პაპუაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში დამნაშავედ ცნო, სწორედ „რადიკალურმა ოპოზიციამ“ მისცა მას „ხელშეუხებლობის გარანტია“, რომელმაც ის იმპიჩმენტისგან იხსნა. მან ასევე განაცხადა, რომ ამის შემდეგ პრეზიდენტმა განაგრძო კონსტიტუციის დარღვევა, კერძოდ, გასულ კვირას სხვა უცხოური ვიზიტების განხორციელებით, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში, რისთვისაც მას მთავრობისგან თანხმობა არ მიუღია.

„აღსანიშნავია, რომ თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უცხო ქვეყნებს და ორგანიზაციებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ მათთვის ცნობილი არ იყო, რომ პრეზიდენტს ვიზიტისთვის მთავრობის თანხმობა ესაჭიროებოდა, ამ [სასამართლოს] გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს მთავრობის სავალდებულო თანხმობის გარეშე სალომე ზურაბიშვილის მიღება ქართველი ხალხის და მისი კონსტიტუციური მოწყობის განზრახ უპატივცემულობასთან ერთად, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა და ეწინააღმდეგება ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კონსტიტუციის „ღია და თავხედური“ დარღვევა ხელისუფლების მხრიდან რეაგირების გარეშე არ დარჩება. „აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელახლა აღვძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება“. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის შემდეგ, პრეზიდენტის იმპიჩმენტი პარლამენტის პირველივე სხდომაზე მოხდება.

პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს მაინც იწურება და რომ იმპიჩმენტს ერთი თვით ადრე „სიმბოლური და პრინციპული“ მნიშვნელობა ექნება, რათა ის ისტორიაში დარჩეს არა არა როგორც ყოფილი პრეზიდენტი, არამედ როგორც გადაყენებული პრეზიდენტი.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია