ქართული ოპოზიცია სირიის ახალ ლიდერს: გააუქმეთ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების აღიარება

Civil Georgia 4 საათი წინ 6
ქართული ოპოზიცია სირიის ახალ ლიდერს: გააუქმეთ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების აღიარება

საქართველოს ოთხმა მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ ერთობლივი მიმართვა გაავრცელა სირიის ხელისუფლების სახელზე, სადაც მოუწოდა ქვეყნის ახალ ლიდერს აჰმედ ალ შარაას, გააუქმოს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

„ქართველი ხალხი მშვიდობიანად იბრძვის კრემლის მიერ მხარდაჭერილი არალეგიტიმური, ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ, ოთხი ძირითადი დემოკრატიული ძალა საქართველოში, რომლებიც წარმოვადგენთ საქართველოს მოქალაქეების ნებასა და მათ მისწრაფებებს თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობისკენ, მოგმართავთ თხოვნით, თქვენი ძალისხმევით გაუქმდეს სირიის მხრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება“, – ნათქვამია წერილში.

მიმართვას ხელს აწერენ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“, „გახარია – საქართველოსთვის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად „აღიარებულია მხოლოდ რუსეთის მოკავშირე დიქტატურული რეჟიმების მიერ, როგორებიცაა ვენესუელა და ნიკარაგუა“. იგივე ნაბიჯი სირიამ 2018 წელს, ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დროს გადადგა. პარტიები მოუწოდებენ სირიის ახალ ხელმძღვანელობას  ხელახლა შეაფასოს ასადის რეჟიმის დროს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები.

წერილში ნათქვამია, რომ სირიის მიერ საქართველოს რეგიონების აღიარების გაუქმება გადამწყვეტ როლს ითამაშებს ორმხრივ ურთიერთობებში.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია