საქართველო დღეს 36 წლის წინ, საბჭოთა ძალების მიერ მოკლულ 21 მშვიდობიან, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ქართველ მომიტინგეს იხსენებს. 1989 წლის 9 აპრილს, დაახლოებით გამთენიის 4 საათზე, საბჭოთა ძალებმა თბილისში, მაშინდელი მთავრობის სახლის წინ (ახლანდელი პარლამენტი) სასტიკად დაარბიეს ანტისაბჭოთა მიტინგი, რასაც სულ მცირე 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასეულობით ადამიანი კი დაშავდა.
1991 წელს, იმავე დღეს, უზენაესმა საბჭომ ამავე წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. რეფერენდუმზე მოქალაქეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ საბჭოთა კავშირიდან გამოყოფასა და დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი.
წლევანდელი აღნიშვნა გაღრმავებული პოლიტიკური პოლარიზაციის, გაჭიანურებული სამოქალაქო წინააღმდეგობისა და მმართველი პარტიის მიერ ევროპული ინტეგრაციიის კურსის ცვლილების ფონზე მიმდინარეობს. ოთხ თვეზე მეტია, რაც რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. დემონსტრანტები, როგორც თავად აღნიშნავენ, სახელმწიფოს მიტაცებას, დემოკრატიული ინსტიტუტების, სამოქალაქო თავისუფლებების და გამოხატვის თავისუფლების სისტემატურ ნგრევას აპროტესტებენ.
მოქალაქეებმა 9 აპრილს ღამე მემორიალთან გაათენეს
ახლახანს დაარსებული საზოგადოებრივი მოძრაობის „სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის“ წევრები თბილისში 9 აპრილის მემორიალთან 8 აპრილს საღამოს შეიკრიბნენ და პროტესტის ნიშნად ღამე გაათენეს.
გავრცელებულ ვიდეო განცხადებაში მოძრაობა „ქართული ოცნების“ წევრებს „რუსული რეჟიმის წარმომადგენლებად“ მოიხსენიებს და პირობას დებს, რომ მათ მემორიალთან არ მიუშვებს. ჯგუფმა პირობა დადო, რომ ჩაშლის ხელისუფლების წარმომადგენლების „ფარისევლურ ცერემონიებს“ ადგილზე.
გამთენიისას – სიმბოლურად დილის 4:00 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც საბჭოთა ძალებმა 36 წლის წინ სასტიკი დარბევა დაიწყეს – აქციის მონაწილეებმა მემორიალთან ფიცი დადეს, რომელიც ოპერის ცნობილმა მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ წაიკითხა.
„წამებული სულების წინაშე, რომლებიც დაგვცქერიან დღეს ჩვენ, ვფიცავთ, დავიცავთ მათ მონაპოვარს – საქართველოს დამოუკიდებლობას, დავიცავთ თითოეულ მებრძოლს, სინდისის პატიმრებს. არ მივატოვებთ სიმართლისთვის დევნილებს. სიტყვით და საქმით, სიყვარულით ხელს გავუწვდით მათ და მათ ოჯახებს. მხარში ამოვუდგებით ერთმანეთს. ვიბრძოლებთ ბოლომდე ამ ქვეყნისა და ხალხის თავისუფლებისთვის. დაე, ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ დიდ ბრძოლაში“, – აღნიშნულია ფიცის ტექსტში.
კობახიძის სადავო განცხადება
ვინაიდან რეჟიმის მოწინააღმდეგენი რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად არ გამოჩენილან.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 9 აპრილის წლისთავს სოციალურ მედიაში განცხადება მიუძღვა, თუმცა 1989 წლის ხოცვა-ჟლეტის დამნაშავის, საბჭოთა რუსეთის ხსენებას მოერიდა, რასაც მოსახლეობის ნაწილში დიდი რეზონანსი და კრიტიკა მოყვა. სანაცვლოდ, განცხადებაში რამდენჯერმეა ნახსენები „უცხოური ძალა“, როგორც 1989 წლის 9 აპრილს ძალადობის ჩამდენი.
„9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. ამავდროულად, 9 აპრილი არის დღე, რომელმაც გააერთიანა საქართველო, დღე როდესაც ქართველებს შორის სიყვარულმა სძლია სიძულვილს. 9 აპრილი, ასევე, არის დღე, როდესაც მონობაზე თავისუფლების იდეამ გაიმარჯვა“, – წერს კობახიძე.
„დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე. დღესაც, რუსთაველის გამზირზე უცხოური ძალა აღვივებს სიძულვილს, ცდილობს ხელოვნურად დაარღვიოს ერთიანობა ქართველებს შორის და ებრძვის თავისუფლების იდეას. თუმცა, 9 აპრილის გამოცდილებამ გვასწავლა, რომ უცხოური ძალის „არსება მოკლეა“ და სიძულვილსა და მონობაზე აუცილებლად სიყვარული და თავისუფლება გაიმარჯვებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
„დღეს, რუსთაველის გამზირზე უცხოურმა ძალამ სცადა ძალადობის პროვოცირება და როდესაც ამას ვერ მიაღწია, თავადვე იძალადა. ჩვენ ვერ მივცემთ სიძულვილს დამატებით ენერგიას და ჩვენს ქვეყანას ავარიდებთ უცხოური ძალის მიერ დაგეგმილ, თუნდაც მცირე, პროვოკაციას“, – აცხადებს კობახიძე.
„ქართული ოცნების“ მთავრობამაც იდენტური განცხადება გაავრცელა.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის პასუხი
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უსაყვედურა კობახიძეს იმის გამო, რომ მან თავი აარიდა დამნაშავედ საბჭოთა რუსეთის ხსენებას და 9 აპრილის სასტიკ დარბევაზე პასუხისმგებლობა „უცხოურ ძალას“ დააკისრა.
„9 აპრილი რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სასტიკი და უმაწყალო დარბევის დღეა! 9 აპრილი საქართველოს მშვიდობიანი ბრძოლის გამარჯვების დღეა! მხოლოდ რუსებს და მათ მონებს მოაქვთ ომი და ძალადობა! არა რუსულ ომს! არა რუსულ ძალადობას! იმარჯვებს მშვიდობა, მომავლის რწმენა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა! დიდება გმირებს!“, – წერს ზურაბიშვილი.
„სირცხვილი თქვენ – საქართველოს ე.წ. მთავრობა- “რუსები” იყვნენ ის უმოწყალო ჯარისკაცები და არა “უცხო ძალა” და ამის თქმასაც ვერ ბედავთ!“, – დასძინა მან.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები კობახიძის რიტორიკას იმეორებენ
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ფეისბუქის პოსტში „უცხოური ძალის“ შესახებ კობახიძის ნარატივი გაიმეორა და სასტიკ დარბევაში დამნაშავეებად „როდიონოვის ჯარისკაცები“ დაასახელა. მანაც არ ახსენა, ვისი ბრძანებით განხორციელდა სადამსჯელო ოპერაცია.
„1989 წელსაც იყო აზრთა სხვადასხვაობა – არჩევნებისა და რეფერენდუმის დროსაც. მაგრამ ხალხმა დასკვნები გამოიტანა. ისტორიამ გვიჩვენა, რა იყო უგუნურებიდან და რა იყო გარე წაქეზებით. დღეს ისევ უცხო ძალა ცდილობს დაარღვიოს ჩვენი სახელმწიფო, დაგვყოს, დააწესოს თავისი დღის წესრიგი ჩვენი ეროვნული ინტერესების საფარქვეშ“, – წერს პაპუაშვილი.
„1989 წელს როდიონოვის ჯარისკაცებმა სცადეს, მაგრამ დამოუკიდებლობის იდეა ვერ მოჩეხეს. დღეს, რუსთაველზე, როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე სამშობლოდაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც იმავე დაუნდობლობით ცდილობენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დაჩეხვას. ეს დღეს აღარ გამოვა. ქართველმა ხალხმა ისწავლა გაკვეთილი. ისწავლა და აირჩია ხელისუფლება, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ბოლომდე დაიცავს“, – წერს პაპუაშვილი ფეისბუქზე.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ „36 წლის შემდეგ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც რუსი ბანის (როგორც თვითონ ამბობს), პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, რუსთაველზე დგანან და სხვაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვიან“. „საქართველო აღარასდროს დათმობს თავისუფლებას“, – წერს მდინარაძე ფეისბუქზე.
მმართველი პარტიის დეპუტატებმა ნინო წილოსანმა და დიმიტრი სამხარაძემ, „ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ჩიქოვანთან ერთად, 9 აპრილს სოციალურ მედიაში კომენტარები გაავრცელეს. თუმცა, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის მსგავსად, მათაც არ ახსენეს რუსეთი.
დაძაბულობა მემორიალთან
9 აპრილს, თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილმა მომიტინგეთა ჯგუფმა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ რამდენიმე პირს მემორიალთან მიახლოების უფლება არ მისცა. მისულებს შორის იყვნენ თბილისის საკრებულოს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე და „ქართული ოცნების“ დროშაში გახვეული უცნობი მამაკაცი.
აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებმა სოლიდარობისა და ხსოვნის ნიშნად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მოგვიანებით, 9 აპრილის მსხვერპლთა და დაშავებულთათვის პატივის მისაგებად გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა პარლამენტის წინ გვირგვინი მიიტანა.
მასალა განახლდება…
ასევე წაიკითხეთ:
- 09/04/2024 – საქართველო 9 აპრილის გმირებს პატივს მიაგებს
- 09/04/2024 – საერთაშორისო საზოგადოება 9 აპრილის წლისთავს ეხმიანება