9 მაისს, ევროპის დღეს, თბილისში ევროპის მოედნისკენ რამდენიმე მასშტაბური მსვლელობა გაიმართა. მსვლელობები 17:00 საათზე პარლამენტიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან და ავლაბრის მეტროსადგურიდან დაიწყო.
ორგანიზატორების განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენი ქვეყნის არჩევანი ევროპული ოჯახია — ამ გზაზე წლების განმავლობაში არაერთ წარმატებას მივაღწიეთ: ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი“. ამავე განცხადების თანახმად, ეს ყველაფერი ქართველი ხალხის მონაპოვარია, რომელსაც დღეს საფრთხეს უქმნის „ქართული ოცნება“. „შესაბამისად, საფრთხეშია ქვეყნის ევროპული მომავალი, ევროპული განათლება, განვითარებული ეკონომიკა და უსაფრთხოება“.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ ეწინააღმდეგება როგორც კონსტიტუციას, ასევე ქართველი ხალხის ნებას, და ნათქვამია: „დღევანდელი დღე არის გზავნილი ევროკავშირისათვის: მიუხედავად არალეგიტიმური მთავრობის რეპრესიული და ანტიევროპული პოლიტიკისა, ჩვენ კვლავ ერთგული ვრჩებით საქართველოს ისტორიული არჩევანისადმი. მიუხედავად რუსული რეჟიმის ზეწოლისა, ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ კურსს“.
მსვლელობები მდინარე მტკვრის სანაპიროზე გაერთიანდა და ევროპის მოედნისკენ დაიძრა, სადაც სცენა იყო მოწყობილი და სხვადასხვა გამომსვლელებმა, მათ შორის აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრებმა შეკრებილებს მიმართეს.
გუშინდელი პროტესტი რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების 163-ე დღეს გაიმართა.
ასევე წაიკითხეთ:
- 09/05/2025 – საქართველო ვარშავაში ევროკავშირის არაფორმალურ შეხვედრაზე არ მიიწვიეს
- 05/05/2025 – ფოტოამბავი | თბილისში „ერთობის მარში“ გაიმართა
- 20/04/2025 – აქციის მონაწილეები აღდგომას ერთად აღნიშნავენ
- 09/04/2025 – ფოტოამბავი | მოქალაქეები 9 აპრილის გმირებს პატივს მიაგებენ