ფისკალური პარამეტრები (ვალი, დეფიციტი) დაუბრუნდა უსაფრთხო ნიშნულებს – ლაშა ხუციშვილი

News.ge 8 საათი წინ 6
ფისკალური პარამეტრები (ვალი, დეფიციტი) დაუბრუნდა უსაფრთხო ნიშნულებს – ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წლიურ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში, ლონდონში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით და საინვესტიციო ბანკების — JP Morgan-ის და ICBC-ის ორგანიზებით, ლონდონში გაიმართა საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრების სერია (non-deal Roadshow).
გარდა ამისა, ქართული დელეგაცია მიწვეულ იქნა Bank of America-ს მიერ ორგანიზებულ საქართველოს პანელზე.
აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა ინვესტორებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და გააცნო მაკრო-ფისკალური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები. შეხვედრებზე ხაზი გაესვა პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს.
„საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად დიდ ყურადღებას აქცევს ფისკალურ დისციპლინას, რაც პანდემიური და პოსტ-პანდემიური პერიოდის კრიზისების გამკლავებისა და მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე, მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი საყრდენია. სწორედ ამ ფისკალური დისციპლინის შედეგად, დღეს ფისკალური პარამეტრები (ვალი, დეფიციტი) დაუბრუნდა უსაფრთხო ნიშნულებს, რაც საშუალებას გვაძლევს აქტიურად განვაგრძოთ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და სტრუქტურული რეფორმები ინვესტორებისათვის მიმზიდველობის გაზრდის მიზნით”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
საქართველოს მხრიდან ღონისძიებებზე წარმოდგენილ იყვნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ასევე ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის სხვა წარმომადგენლები.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

სრულად წაიკითხეთ სტატია