
„ფაბრიკა“, CENN-ისა და GIZ-ის მხარდაჭერით, ცირკულარული გადაწყვეტის დანერგვაზე მუშაობს. კერძოდ, გარემოზე განსაკუთრებული ნეგატიური გავლენის მქონე ნარჩენების შესამცირებლად, “ფაბრიკას” სივრცეში ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ჭიქებს მრავალჯერადი გამოყენების ჭიქები ჩაანაცვლებს, რაც მდგრადობას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ „ფაბრიკა“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც რეზიდენტი კაფე-ბარების ჩართულობით, შეფუთვების უკან დაბრუნებისა და ხელახალი გამოყენების სისტემის დანერგვისკენ ნაბიჯები უკვე გადადგა. „ფაბრიკას“ სისტემა, რომლის შემუშავებასაც CENN-ის აქსელერაციის პროგრამის გავლა უძღოდა წინ, შემდეგია: როდესაც სტუმარი იყიდის სასმელს, დატოვებს დეპოზიტს ჭიქისთვის და ექნება შესაძლებლობა, რომ ტერიტორიის დატოვებამდე ჭიქა უკან დააბრუნოს და შესაბამისად, დეპოზიტიც დაიბრუნოს.
პროექტის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე BM.GE-ის „ფაბრიკა თბილისის” პროექტის ხელმძღვანელი, სალომე კუპრაშვილი ესაუბრა. ის აღნიშნავს, რომ ინიციატივა ბიზნესების თანამშრომლობის შედეგია და საბოლოოდ შემუშავდა სისტემა, რომელიც მთლიან სივრცეზე მუშაობს. ამასთან, სალომე კუპრაშვილის ხაზს უსვამს, რომ ბიზნესების გაერთიანება და ერთგვარი სიმბიოზი მნიშვნელოვანი წინაპირობაა ასეთი სისტემის ამუშავებისთვის და სწორედ ამის პრაქტიკულ მაგალითს წარმოადგენს „ფაბრიკა“.
„ფაბრიკა“ არის სივრცე, სადაც სხვადასხვა დამოუკიდებელი ბიზნესები ერთად თანამშრომლობენ. მრავალჯერადი გამოყენების ჭიქების პროექტი სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია. სისტემის დანერგვაში ჩართულები არიან „ფაბრიკაში“ რეზიდენტი კაფე-ბარები: თონე, კამორა, მულენი, ლონდა, GUM, წიბახა, პოპოლო, პაიპსი, საამური და ფაბრიკა ჰოსტელი.
„ფაბრიკას“ რეზიდენტებისთვის თანამშრომლობა არის გზა და საშუალება შევქმნათ რაღაც ღირებული ერთად. როცა ერთ იდეას რამდენიმე სივრცე იზიარებს, გადაწყვეტილებების მიღება და ცვლილებების განხორციელება ბევრად მარტივია. ეს პროექტიც ასე დაიძრა და შევიმუშავეთ სისტემა, რომელიც ერთ კონკრეტულ ობიექტზე კი არა, მთლიან სივრცეზე მუშაობს.
დღეს ეკომეგობრული ქცევა ბევრისთვის პირადი ღირებულებაა, მაგრამ ხშირად არ ვიცით, საიდან დავიწყოთ. ჩვენ კი ვცდილობთ ეკომეგობრული არჩევანი გავხადოთ მარტივი, ერთი დაბრუნებული ჭიქით ადამიანმა იგრძნოს, რომ რეალურად მოქმედებს გარემოზე დადებითად და დიდი სისტემის ნაწილი ხდება“,- ამბობს სალომე კუპრაშვილი.
„ფაბრიკა თბილისის” პროექტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ახალი პროექტი, რომელიც საქართველოს კონტექსტში ინოვაციურია, შესაბამისობაშია თანამედროვე მომხმარებლის ღირებულებებთან და ამასთან, „ფაბრიკას“ კონცეფციის ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს.
„ვფიქრობ, თანამედროვე მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ესა თუ ის სივრცე, რომელსაც იგი სტუმრობს, რამდენად იზიარებს მის ღირებულებებს, როგორ გამოხატავს სოციალურ პასუხისმგებლობას და რა რეალური ნაბიჯებით ზრუნავს გარემოზე. ევროპის ბევრ ქალაქსა და ფესტივალზე მრავალჯერადი ჭიქების სისტემა უკვე ჩვეულებრივი ამბავია. „ფაბრიკაშიც“ ხშირად გვინახავს, როგორ ითხოვენ სტუმრები, ქართველებიც და უცხოელებიც, ერთი და იმავე ჭიქაში refill-ს. ამიტომ ეს პროექტი ბუნებრივ გაგრძელებად გვესახება: სივრცეში, სადაც ასეთი მომხმარებელი დადის, ეს სისტემა ყველაზე რელევანტური და თანმიმდევრული ნაბიჯია.
ჩვენთვის ეს პროექტი ერთდროულად არის რაღაც ახალი და ბუნებრივი გაგრძელება იმ გზისა, რასაც ფაბრიკა უკვე წლებია მიჰყვება. წლების წინ დავიწყეთ გადამუშავებად პლასტმასზე მუშაობა და დღემდე ვაგრძელებთ თანამშრომლობას ტენესთან, რომელიც ამ ნარჩენს ახალ პროდუქტებად აქცევს. მრავალჯერადი ჭიქების სისტემა ამ პროცესის გაგრძელებაა, ოღონდ უფრო ხელშესახები და ყოველდღიური. ისეთი, სადაც სტუმარი პირდაპირ ერთვება და ცვლილების ნაწილი ხდება. საქართველოში მსგავსი დეპოზიტური სისტემა ჯერ არ დანერგილა.
„ფაბრიკა“ თვითონაც ხელახალი გამოყენების მაგალითია. ძველი ინდუსტრიული შენობაა, რომელსაც ახალი სიცოცხლე მიეცა. ამ კონცეფციასვე მივყვებით დღესაც და ვცდილობთ, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა იყოს უფრო პასუხისმგებლიანი და თანხვედრაში იმ ადამიანების ღირებულებებთან, ვინც აქ მოდის“,- ამბობს სალომე კუპრაშვილი.
პროექტის წარმატებით დანერგვის შემდეგ, „ფაბრიკას“ სისტემის გამარტივებას გეგმავს, რათა სივრცის სტუმრებმა პროცესში მინიმალური დისკომფორტი იგრძნონ.
„პირველ რიგში, ვიმედოვნებთ, რომ პროექტი ნამდვილად მუშაობს, მდგრადია და ჭიქების დანაკარგიც მინიმუმამდეა დაყვანილი. შემდეგ, ვიზრუნებთ, რაც შეიძლება მეტად მარტივი გახდეს სისტემა, რომ სტუმრებს მინიმალური დისკომფორტი შეექმნათ. ეს პროექტი მნიშვნელოვან ცოდნას და გამოცდილებას მოგვცემს იმისთვის, რომ „ფაბრიკას“ მეტი შესაძლებლობა მიეცეს დანერგოს მსგავსი მდგრად მომავალზე ორიენტირებული პრაქტიკები.იმედი გვაქვს, რომ ეს ჩვენი გამოცდილება დაეხმარება სხვა ობიექტებსაც მსგავსი პრაქტიკის დანერგვაში. დღევანდელ დროს, ბიზნესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელი შეუწყონ მდგრად კულტურას“,- აცხადებს „ფაბრიკა თბილისის” პროექტის ხელმძღვანელი.
ინიციატივის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე საუბრობენ „ფაბრიკის“ რეზიდენტებიც. როგორც „პაიპსის“ მფლობელი არჩილ ლომიძე BM.GE-სთან აღნიშნავს, სისტემის დანერგვა მარტივი არაა, თუმცა იმედოვნებს, რომ კარგ მაგალითად იქცევა მსგავსი სივრცეებისთვის.
„ჩემთვის, როგორც „ფაბრიკის“ რეზიდენტის და რესტორნის წარმომადგენლისათვის, ძალზედ მნიშვნელოვანია ეს ინიციატივა. მოგეხსენებათ ჩვენს ტერიტორიაზე უამრავი პლასტმასის ერთჯერადი ჭიქა იხმარება, რაც მავნე ზეგავლენას ახდენს ეკოლოგიაზე. ჩვენი მიზანია მთლიანად ამოვიღოთ პლასმასის ნაწარმი ხმარებიდან.
საქართველოში ჩვენ პირველად დავნერგავთ ამდაგვარ სისტემას, რომელიც ევროპის და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული, რაც ჩემი აზრით ურთულესი საქმეა. ძნელია ქართველი მომხმარებლის ქცევის ცვლილება, დეპოზიტის სისტემის განმარტება და რაც მთავარია ჩვენი ეკო მიზნის ახსნა. თითოეულ სტუმარს უნდა ავუხსნათ, რომ ჭიქის დაბრუნებით ნიშნავს ერთით ნაკლები პლასტმასის ნაწარმი მოხვედრას გარემოში, რომ ყველას ჩართულობაა საჭირო ჩვენი ქვეყნის და პლანეტის ეკო სისტემის დასაცავად.
ამას გარდა, ასევე საჭიროა თანამშრომლებისათვის ამ სისტემისა და მიზნების განმარტება, მათი ჩართულობა ყველაზე მნიშვნელოვანია გამართული ფუნქციონირებისათვის. რთული საქმე წამოვიწყეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ შევძლებთ წარმატებით დანერგვას. ჩვენი ინიციატივა მაგალითი იქნება ჩვენნაირ სივრცეებისთვის“,- ამბობს არჩილ ლომიძე.
სტატია მომზადებულია პროექტის, „თბილისის ცირკულარული ლაბორატორია“ ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ცირკულარული ეკონომიკის განვითარების პროექტს. პროექტს ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) CENN-თან თანამშრომლობითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ეგიდით.